დავით ხურცილავა: დაგვთვალონ, 9 აპრილს რამდენი ვიქნებით, თუ ვინმე წავა რუსთაველისკენ და კარავში მყოფებს იმ კარვებს თავზე დააფხრეწს, ეს იქნება პროვოკაცია
“დაგვთვალონ, 9 აპრილს რამდენი ვიქნებით, თუ ვინმე წავა რუსთაველისკენ და კარავში მყოფებს იმ კარვებს თავზე დააფხრეწს, ეს იქნება პროვოკაცია”, – ამის შესახებ 9 აპრილს დაგეგმილი მდუმარე აქციის საინიციატივო ჯგუფის წევრი, მსახიობი დავით ხურცილავა გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” საუბრობს.
მისი თქმით, ორ მილიონ-ნახევარზე მეტი მნახველი ჰყავს სარეკლამო რგოლს და ეს იქნება ქართველი ხალხის მარადისობის დღე.
,,ევროკავშირის მედიატორი, კრისტიან დანიელსონი უკვე მეორედ ჩამოვიდა საქართველოში ოპოზიციისა და ხელისუფლების მოსარიგებლად, მაგრამ შეთანხმება კიდევ ვერ მოხერხდა. ეს რაზე მიანიშნებს? თურმე, ოპოზიციის კომპრომისი გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ მაგიდასთან მივიდნენ და დასხდნენ. როგორც ჩანს, კმაყოფილზე კმაყოფილი უნდა ვიყოთ, რომ აკაკი მინაშვილი მაგიდასთან დაჯდა სალაპარაკოდ! საიდან ამოქექეს ეს ნაფტალინში ჩადებული პოლიტიკოსი, რომელსაც ჩრჩილი ჭამდა?! ამ ყველაფერს წერტილი უნდა დავუსვათ!
დანიელსონმა თქვა კიდეც, ხელისუფლება და პარტიები კი არა, სწორედ საზოგადოება იტყვის თავის სიტყვასო. ჩვენს შეკრებას დრონი გადაიღებს, ჩვენი ევროპელი მეგობრები და პარტნიორები ნათლად დაინახავენ, ვისი მომხრე ან მოწინააღმდეგეა ქართველი ხალხი და მაშინ იქნებ ჩვენც გაგვიწიონ ანგარიში – მათ, ვისაც არც არეულობა და რევოლუციები უნდა ქვეყანაში და არც ,,ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნება. როგორ, ანგარიშგასაწევი მარტო ის ხალხია, 15 კარავი რომ აქვს გაშლილი პარლამენტის წინ და 7 კაცი რომ წევს შიგ? საერთოდ, ხალხის სახელით რატომ საუბრობენ? დაგვთვალონ 9 აპრილს რამდენი ვიქნებით! გპირდებით, ყველა რეკომენდაციას დავიცავთ. გავჩერდებით დაახლოებით საათნახევარი, მერე წავალთ სიონისკენ და პატრიარქს გადავუხდით მადლობას იმისთვის, რასაც ჩვენ გამო აკეთებს. 9 აპრილის აქცია იქნება მდუმარე აქცია. თუ ვინმე წავა რუსთაველისკენ და კარავში მყოფებს იმ კარვებს თავზე დააფხრეწს, ეს იქნება პროვოკაცია, ოღონდ თუ ეს მდგომარეობა დიდხანს გაგრძელდა და მეორედაც შევიკრიბეთ, მაშინ მართლაც წავალთ რუსთაველისკენ და არ ვიცი, რა მოხდება… ვისაც როგორ უნდა, ისე გაიგოს! რას ნიშნავს, მიშა სააკაშვილი ჩამოვიდეს?! ის პირდაპირ ციხეში უნდა წავიდეს! მაშ, რატომ გავყარეთ ქურდები? თქვენ გგონიათ, მათზე ნაკლები კრინიმალია მიშა სააკაშვილი? ისინი იმას მაინც აღიარებენ, რომ ქურდები არიან, ეს კი გვარწმუნებს, დემოკრატი და პატრიოტი ვარო. უბედურებს ის არის, რომ ასეთ ხალხს მომხრეები ჰყავს.
ჯერ კიდევ ,,ვარდების რევოლუციამდე” რამდენიმე წლით ადრე, როგორც კი სააკაშვილი დავინახე, მაშინვე მივხვდი, როგორიც იყო. შიზოფრენიკია! ცნობილმა ფსიქიატრმა, აკადემიკოსმა თამილა მაკარიძემ მითხრა, ჩვეულებრივი ავადმყოფია, ასეთებს ზოგჯერ ვკეტავთ კიდეცო. შეიძლება მაშინ მას 90%-მა დაუჭირა მხარი, მაგრამ მე სწორედ იმ 10%-ში ვიყავი. ,,ნაციონალების” მიმართ დამოკიდებულება არასდროს შემიცვლია.
ის სისტემა მაშინ მეც შემეხო – მიწა წამართვეს, გადაცემა დამიხურეს, იყო სხვა პრობლემებიც, მაგრამ არ მინდა ამაზე ლაპარაკი. მაინცდამაინც მე უნდა ვიყო კარგად, რომ მივხვდე, როგორი კარგია დენდროლოგიური პარკი, ,,ბლექსი არენა”, სამება, თეატრების გარემონტება, იპოდრომის გამოსყიდვა? ადამიანმა კარგის დანახვაც უნდა შეძლოს და ცუდიც თქვას, სხვისი ჭირი ღობის ჩხირი არ უნდა იყოს. მარტო გირგვლიანი მეყოფა იმის სათქმელად, რომ არც მიშა მინდა და არც – ,,ნაცმოძრაობა”. ამ ყველაფრის მერე როგორ უნდა დაბრუნდეს და მით უმეტეს, როგორ უნდა მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას სხვა პოლიტიკოსებთან ერთად? ის მხოლოდ საკანში თუ მიუჯდება მაგიდას და ნიკა მელიასთან ერთად ითამაშებს ნარდს ან კარტს.
სხვათა შორის, ისიც ვერ გავიგე, რა უნდა მელიას? კაცი ამბობს, აქ მინდა ვიჯდეო. გადაიხადოს გირაო და გამოვა გარეთ, მაგრამ არ გადაიხდის, რადგან არეულობა, ორომტრიალი უნდათ. ვინმეს ეჭვი ეპარება ოპოზიციის დესტრუქციულობაში? ხომ შეიძლება, როდისმე დაგვანებონ თავი?!
,,უცნობმა”, მე და ზუკა პაპუაშვილმა მხოლოდ ხმამაღლა ვთქვით ის, რაც საზოგადოებას უნდოდა და რომ არა ,,უცნობი” და მისი ,,კიდობანი”, ამას ვერ მოვახერხებდით. ბევრი გვირეკავს და გვეუბნება, ფეხითაც რომ დაგვჭირდეს ჩამოსვლა, წამოვალთო. ვეღარ ავუდივართ ზარებს, ორ მილიონ-ნახევარზე მეტი მნახველი ჰყავს ჩვენს სარეკლამო რგოლს. ეს იქნება ქართველი ხალხის მარადისობის დღე”, – აცხადებს დავით მირცხულავა.
ცნობისთვის, საინიციატივო ჯგუფმა მომღერალ გია გაჩეჩილაძის, მსახიობების – დავით ხურცილავასა და ზუკა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით განაცხადა, რომ 9 აპრილს რიყეზე მდუმარე აქცია გაიმართება.