თავდაცვის მინისტრმა აჭარის რეგიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის ძალებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ეცნობა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელმა თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად აჭარის რეგიონში მდებარე სპეციალური ოპერაციების ბატალიონის ბაზაზე დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.
“მინისტრმა ადგილზე უკვე გარემონტებული ანგარი დაათვალიერა და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო. ბაზაზე ამჟამად არსებული სასადილოს კაპიტალური რემონტი და გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში ბაზის ტერიტორიაზე უკვე გარემონტდა სპორტული დარბაზი, რომელიც უახლესი სპორტული ინვენტარით არის აღჭურვილი, ასევე, მოეწყო სველი წერტილები. ამ ეტაპზე სტადიონის კეთილმოწყობა და ბალახის საფარის დაგება მიმდინარეობს. სამხედრო ბაზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები წელს დასრულდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.