შსს-მ დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მასშტაბური საერთაშორისო სქემა გამოავლინა – დაკავებულია 11 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 11 პირი დააკავეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
შსს-ს ინფორმაციით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული არიან: 1992 წელს დაბადებული ჯ.ჰ., 1997 წელს დაბადებული კ.კ., 1999 წელს დაბადებული გ.მ., 1992 წელს დაბადებული გ.გ., 1997 წელს დაბადებული მ.თ., 1994 წელს დაბადებული გ.ლ., 1996 წელს დაბადებული ვ.ნ., 1993 წელს დაბადებული ა.მ., 1997 წელს დაბადებული ა.გ., 1986 წელს დაბადებული ქ.ი. და 1997 წელს დაბადებული გ.ბ. დანაშაულები 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის გაზაფხულზე, ისრაელის მოქალაქე ჯ.ჰ.-მ, თანამზრახველებთან ერთად, ჩამოაყალიბა შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც დროის ხანგრძლივ პერიოდში ახორციელებდა კრიპტოვალუტით ვაჭრობით დაინტერესებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებასა და ჯგუფი წევრებს შორის განაწილებას. უკანონო საქმიანობაში ორგანიზატორებმა ეტაპობრივად ჩართეს არაერთი უცხო ენების მცოდნე პირი, რომლებიც სისტემატიურად უკავშირდებოდნენ პოტენციურ დაზარალებულებს და სთავაზობდნენ კრიპტოვალუტის უნაღდო ანგარიშსწორებით შეძენას. დაინტერესების შემთხვევაში ჯგუფის წევრები მათ დისტანციურად არეგისტრირებდნენ შესაბამის ვებგვერდზე, რის შემდგომაც მათივე სახელით ახორციელებდნენ კრიპტოვალუტის შეძენას, რა დროსაც უზრუნველყოფდნენ გადახდილი თანხის შესაბამისი ელ.ვალუტის არა დაზარალებულის, არამედ ორგანიზებული ჯგუფისათვის ხელმისაწვდომ ანგარიშებზე ასახვას. ზემოაღწერილი ხერხით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაეუფლნენ უცხო ქვეყნების, მათ შორის გერმანიის, ავსტრიის, ჩინეთის, ნიდერლანდებისა და ნორვეგიის ათეულობით მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს. ამ ეტაპისთვის დადგენილი ზიანის ოდენობა შეადგენს 620 000 ევროს. ამავდროულად, ორგანიზებული ჯგუფის წევრების ნაწილმა მოახდინა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კერძოდ კი შეიძინეს ძვირადღირებული სატრანსპორტო საშუალებები და უძრავი ქონებები, რაც გამოძიების მიერ დაყადაღებულია. გატარებული ღონისძიებების შედეგად ასევე მოძიებულ იქნა და ყადაღა დაედო ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელის – ჯ.ჰ.-ს საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ 2 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის თანხასაც. ორგანიზებული ჯგუფის მიერ პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გამოყენების, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.