კომუნიკაციების კომისიის დაფინანსებით, სატელევიზიო რეიტინგების მთვლელ კომპანია „TMI” -ს საერთაშორისო აუდიტი ჩაუტარდება, „TV-MR“ კი აუდიტზე უარს აცხადებს
კომუნიკაციების კომისიის დაფინანსებით სატელევიზიო რეიტინგების მთვლელ კომპანია „ტრი მედია ინტელიჯენსს“, რომელიც „კანტარ მედია“-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, საერთაშორისო აუდიტი ჩაუტარდება. კომისიამ საერთაშორისო აუდიტის ჩასატარებლად ტენდერი დღეს გამოაცხადა. სატელევიზიო რეიტინგების მთვლელ კომპანიებში საერთაშორისო აუდიტის ჩატარების საჭიროება იმითაა განპირობებული, რომ დღეს საქართველოში ორი სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი კომპანია არსებობს, რომელთა მონაცემებიც ერთმანეთისაგან განსხვავდება. მაშინ, როდესაც საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით ყველა განვითარებულ ქვეყანაში სატელევიზიო აუდიტორიას ერთი კომპანია ზომავს. გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ ბაზარზე ორი სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი კომპანია ოპერირებს, სარეკლამო ბაზარზეც ორი განსხვავებული მონაცემი არსებობს, რაც პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ მაუწყებლებისთვის, არამედ რეკლამის დამკვეთებისთვის. განსხვავებული მონაცემების პირობებში რეკლამის დამკვეთებმა არ იციან რომელია ზუსტი, შესაბამისად აღნიშნული გარემოება ნეგატიურ გავლენას ახდენს სამაუწყებლო სარეკლამო ბაზრის განვითარებაზე. სარეკლამო ბაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ, როგორც მაუწყებლობის სფეროში პოლიტიკის განმსაზღვრელმა უწყებამ, გამოთქვა მზადყოფნა დაეფარა საერთაშორისო აუდიტის ხარჯები, რომლის შედეგებიც სარეკლამო ბაზარზე არსებულ კითხვის ნიშნებს გასცემს პასუხს. კომუნიკაციების კომისიამ ორივე სატელევიზიო რეიტინგების მთვლელ კომპანიას შესთავაზა თავად შეერჩიათ საერთაშორისო აუდიტორი. კომუნიკაციების კომისიის შეთავაზებაზე „ტრი მედია ინტელიჯენსმა“ თანხმობა განაცხადა, უფრო მეტიც, TMI-ის ხელმღვანელობა მზად იყო მათ კომპანიაში აუდიტი შპს „თი-ვი ემ-არ საქართველოს“ მიერ შერჩეულ საერთაშორისოდ აღიარებულ აუდიტორულ კომპანიას ჩაეტარებინა. მიუხედავად ამ შეთავაზებისა ხანგრძლივი სამუშაო პროცესის შემდეგ „თი-ვი-ემ-არ საქართველოს“ წარმომადგენლობამ კომუნიკაციების კომისიის შეთავაზება არ მიიღეს. ამის მიზეზად კომპანიამ იმ მაუწყებლების პროტესტი დაასახელა, რომლებიც მისი დამკვეთები არიან. კერძოდ, „თი-ვი-ემ-არ საქართველოში“ აუდიტის ჩატარებაზე წინააღმდეგობა „ტელეკომპანია პირველმა“, „მთავარმა არხმა“, „ფორმულამ“ და „კავკასიამ“ დააფიქსირეს. აღსანიშნავია, რომ რეკლამის დამკვეთი კომპანიებისთვის სარეკლამო ბაზარზე არსებული ორი განსხვავებული მონაცემის არსებობა იწვევს კითხვის ნიშებს, რის გამოც ისინი ბოლო წლებში რეკლამისთვის განკუთვნილ თანხებს არა მაუწყებლებში, არამედ ციფრული მედიისკენ მიმართავენ, სადაც რეკლამიდან მიღებული სარგებლის გაზომვა აბსოლუტური სიზუსტითაა შესაძლებელი. აქედან გამომდინარე უმნიშვნელოვანესია, რომ ბაზარზე არსებულ ორივე რეიტინგების მთვლელ კომპანიას ჩატარებული ჰქონდეს საერთაშორისო აუდიტი და მათთან დაკავშირებით არ არსებობდეს კითხვის ნიშნები. ვინაიდან აუდიტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზანს კომპანიის გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ქართულ ბაზარზე მსგავსი სახის აუდიტი წლებია არ ჩატარებულა, პრობლემა კი ორი მთვლელის და ვალუტის არსებობის პირობებში აუდიტის ჩატარების გარეშე ვერ გადაიჭრება.