ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციასთან მონაზონ სოსანა ბოლქვაძის მხარდასაჭერად აქცია მიმდინარეობს
ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციასთან მარტვილის წმინდა ნინოს დედათა მონასტრის ყოფილი წინამძღვრის, მონაზონ სოსანა ბოლქვაძის მხარდასაჭერად მრევლის ნაწილი და „ქალთა მოძრაობის” წარმომადგენლები აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები მონასტრის ტერიტორიაზე დედა სოსანას არშეშვების ფაქტს გმობენ.
თავად მონასტრის ყოფილი წინამძღვარი, მონაზონი სოსანა აცხადებს, რომ აუცილებელია, ვიდრე მონასტერს დატოვებს, მოხდეს იმ ქონების გადაბარება, რაზეც პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება და ამის საშუალებას ეპარქიის ახლადდანიშნული მეუფე სტეფანე არ აძლევს.
ადგილზე სამართალდამცველები არიან შეკრებილები და აქცია გრძელდება.
ცნობისთვის, მიტროპოლიტ სტეფანეს ბრძანებით, სოსანა (ბოლქვაძე) და მორჩილი ნინო გამყრელიძე მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან გარიცხეს. ისინი სინანულისათვის განწესდნენ ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში. ჭყონდიდელი მიტროპოლიტი გადაწყვეტილების მიზეზად ასახელებს მონასტრული წეს-განგების უხეშ და დემონსტრაციულ დარღვევებს.