“საქართველოსთვის ეს ისტორია ეხება ათასობით დაღუპულსა და 250 ათას დევნილს” – Дождь-ის მთავარი რედაქტორი პოზნერის ინციდენტზე

“ადამიანებისთვის კვერცხების დაშენა და გინება არცთუ ისე კარგი რამეა. მაგრამ აფხაზეთის შესახებ საკუთარი განცხადებით ქვეყნის ეროვნულ ტრაგედიაზე ფეხის დაჭერა, შემდეგ ამ ქვეყანაში ისე ჩასვლა, თითქოს, არაფერი მომხდარა – ბევრად უარესია. მზად უნდა იყო, რომ საზოგადოების ნაწილი საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავს მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოსთვის ეს ისტორია ეხება ათასობით დაღუპულსა და 250 ათას დევნილს”, – ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია Дождь-ის მთავარი რედაქტორი, ტიხონ ძიადკო საქართველოში ვლადიმერ პოზნერის ვიზიტს.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

“გუშინ აეროპორტში გადაღებული ფოტო გამოვაქვეყნე და დავწერე, რომ თბილისში მივფრინავდით, დღეს კი რამდენიმე კითხვა მივიღე, მივფრინავდით თუ არა “იმ რეისით”, ვლადიმირ პოზნერთან ერთად და ვიყავით თუ არა მისი წვეულების სტუმრები. [მასთან ერთად] არ მივფრინავდით. ჩვენ ვნუკოვოს აეროპორტიდან ერევანში ჩავფრინდით, იქედან კი – თბილისში. გაგვიკვირდა, როდესაც აეროპორტის განრიგში თბილისში მიმავალი პირდაპირი რეისი დავინახეთ. პირდაპირი რეისები უკვე თითქმის 2 წელია, რაც აღარ არის.

თუ ხალხს ჩარტერული რეისისთვის ფულის გადახდა შეუძლიათ, ძალიან კარგი, მეც ასე ვიზამდი, რომ შემეძლოს. მაგრამ რაც შემდეგ მოხდა, რბილად რომ ვთქვა, მიუღებელია.

თუკი ვინმემ არ იცის, თბილისში ცხრა საათიდან ე.წ. კომენდანტის საათი იწყება. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი დახურულია, ადამიანები და მანქანები ქუჩებში თითქმის არ დადიან, მაღაზიები, რესტორნები, აფთიაქები და ყველაფერი სხვა დახურულია. დარღვევისთვის 600-დოლარიანი ჯარიმაა (საქართველოსთვის ეს არა მხოლოდ მთელი ქონება, არამედ რამდენიმე ქონებაა. კომენტარებში რამდენიმე ადამიანს ეწყინა ეს ფრაზა, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ “ძალიან დიდი ჯარიმაა”, მათ შორის, რუსეთისთვისაც). გამონაკლისი მხოლოდ მათთვის არსებობს, ვისაც სპეციალური საშვი აქვს. ეს ადამიანთა არცთუ ისე დიდი ჯგუფია, ისე კი არაა, გაზაფხულზე მოსკოვში როგორც იყო. ხალხი ამით ძალიან დაიღალა, ამ შეზღუდვებზე დამოკიდებულად ყოფნა ძალიან ძნელია.

და, აი, ამ ფონზე, თბილისში წვეულებისთვის ეშვება ჩარტერული რეისი. როგორც ჰყვებიან, მოვლენები ასე განვითარდა. თვითმფრინავი დაახლოებით რვა საათზე ეშვება. ყველა სტუმარს ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე, მთავრობის დახმარებით, საშვებს უკეთებს. ყველა მათგანი ავტობუსით სასტუმრო სტამბაში მიჰყავთ. აქედან, როცა უკვე ,,კომენდანტის საათი,, იწყება, ისინი სასტუმრო Vinotel-ში მიჰყავთ სავახშმოდ, თანაც, მათ პროცესიას წინ პოლიციის მანქანა მიუძღვის მოციმციმე შუქებით.

აქ უკვე ის ხდება, რაც მოხდა – მიტინგი, კვერცხების სროლა და გინება. ადამიანებისთვის კვერცხების დაშენა და გინება არცთუ ისე კარგი რამეა. მაგრამ აფხაზეთის შესახებ საკუთარი განცხადებით ქვეყნის ეროვნულ ტრაგედიაზე ფეხის დაჭერა, შემდეგ ამ ქვეყანაში ისე ჩასვლა, თითქოს, არაფერი მომხდარა – ბევრად უარესია. მზად უნდა იყო, რომ საზოგადოების ნაწილი საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავს მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოსთვის ეს ისტორია ეხება ათასობით დაღუპულსა და 250 ათას დევნილს. შენი ვიზიტის ასეთი სახით მოწყობა კი, ისე გამოდის, თითქოს, დიდი ქვეყნიდან პოლიციის დახმარებით კოლონიზატორები ჩამოვიდნენ, რათა კარგი დრო ატარონ, სანამ აბორიგენები სახლში სხედან და მაღაზიაში გასვლაც არ შეუძლიათ. ეს უკვე უბრალოდ ცუდი რამ კი არა, ძალიან სამარცხვინო ისტორიაა.

ჰო და კიდევ, პატარა დაკვირვება სულ სხვა რამეზე. როდესაც დღეს კაფეში ვისხედით, ჩვენთან მოვიდა ჩვენი ერთ-ერთი მაყურებელი. მან მოგვიყვა, რომ სასტუმროში იმყოფებოდა იმ დროს, როდესაც შენობას კვერცხებს ესროდნენ. ისრაელის საელჩომ კი იქედან მისი ევაკუაცია მოახდინა. ეს ძალიან ბევრზე მეტყველებს, თუ როგორია ქვეყნის დამოკიდებულება შენი მოქალაქეების მიმართ”, – დაწერა ტიხონ ძიადკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები