ე.წ. ციხეში ზაზა გახელაძე ოჯახმა მოინახულა – “ძალიან უიმედოდ არის”

“ჯანმრთელობის მხრივ ნორმალურადაა, მაგრამ ძალიან უიმედოდ არის,” – ამის შესახებ უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის მეუღლემ, ირმა ბუთხუზმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირმა ბუთხუზმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ოკუპირებული ცხინვალის საპყრობილეში მყოფი, უკანონოდ გატაცებული ზაზა გახელაძე “წითელი ჯვრის” დახმარებით ოჯახს შეხვდა.

მამასთან, მეუღლესა და შვილებთან შეხვედრა 2 საათს გაგრძელდა. უკანონონო პატიმრობაში მყოფი გახელაძის მეუღლის განმარტებით, წინასწარი შეთანხმებით, გაწერილი იყო როგორც პაემნის დრო, ასევე, მნახველთა რაოდენობა.

„ბუნებრივია, დაკავებიდან დღემდე, ამდენი თვის განმავლობაში გვინდოდა ზაზას ნახვა, მაგრამ ამის უფლებას არ გვაძლევდნენ, ახლა კი, როგორც მოგეხსენებათ, უკვე მსჯავრდებულია და „წითელმა ჯვარმა“ შეძლო, რომ შეეთანხმებინა შეხვედრა. პაემნების ოთახში შევხვდით. ორ საათზე მეტი დრო მოგვცეს შეხვედრისთვის. ჯანმრთელობის მხრივ ნორმალურადაა, ჭრილობა აღარ აწუხებს. თქვა, რომ ციხეში ეთნიკური ნიშნით ზეწოლა არ ხდება. როგორც გვითხრა, გასაჩივრებაზე უარი იმიტომ თქვა, რომ ამ თორმეტწლიანი განაჩენის შეცვლის იმედი მაინც არ ჰქონდა. მითხრა, აქ პატიმარი კი არ ვარ, სათამაშო ვარ, რომელიც ოსებს სჭირდებათ, ახსენეს მსგავსი რაღაცები – თქვენები ერთ პატიმარს მაინც რატომ ვერ ელევიან, რომ გაგცვალონო, არ დაუკონკრეტებია, ვინ უთხრა ეს სიტყვები ან ვის, რომელ პატიმარს გულისხმობდნენ. სხვა მხრივ, საკანში ტელევიზორიც აქვს, ახალ ამბებს ეცნობა, მაგრამ ძალიან უიმედოდ არის. დამშვიდობება გაგვიჭირდა, მაგრამ რას ვიზამდით”, – თქვა ირმა ბუთხუზმა.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ზაზა გახელაძე სეპარატისტებმა გასული წლის 11 ივლისს კასპში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს, რა დროსაც ოკუპანტებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში დაჭრეს და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. 2021 წლის 5 თებერვალს კი ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. საოკუპაციო ძალებმა ის რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლითა (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა) ცნო დამნაშავედ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები