გავრილოვი – პოზნერის ვიზიტზე: საქართველოს აგრესიული რადიკალური უმცირესობა აშანტაჟებს ხელისუფლებას

რუსეთის დუმის საზოგადოებრივი და რელიგიური გაერთიანებების საკითხებში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელი, სერგეი გავრილოვი ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლასთან დაკავშირებით თბილისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მომხდარი წარმოადგენს პოლიტიკურ დემარშს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რომ რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობა “გაწყვეტილ მდგომარეობაში” იყოს შენარჩუნებული.

ამის შესახებ გავრილოვმა “ტასს”-თან საუბარში განაცხადა.

“პოზნერის შემთხვევა სერიოზული პოლიტიკური დემარშია და მისი ფიგურა შემთხვევით არ აურჩევიათ, რადგან იგი ფართო პოპულარობით სარგებლობს რუსეთში, პოპულარულია ინტელიგენციაში. ეს არის შეგნებული პროვოკაცია, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს, როგორც სტუმართმოყვარე ქვეყნის იმიჯს, რაც სტუმრის უსაფრთხოებასაც გულისხმობს. ეს არის რადიკალური ოპოზიციის მცდელობა, უჩვენოს ყველა ტურისტს, რომ საქართველოში შეუძლებელია ჩასვლა. ეს არის განზრახ “გასროლა ორივე ფეხში”, რათა შეასუსტოს მთავრობა, ეკონომიკა”, – თქვა გავრილოვმა.

მისი თქმით, პოზნერის ვიზიტი მოწმობს იმ ფაქტს, რომ ქართველ ხალხს, სამოქალაქო საზოგადოებასა და საქართველოს “რაციონალურად მოაზროვნე” ხელმძღვანელობა ისურვებდა რუსეთთან კარგი ურთიერთობების აღდგენას.

”მაგრამ აგრესიული რადიკალური უმცირესობა, რომელიც დასავლური წრეების იარაღია, აშანტაჟებს ხელისუფლებას პროვოკაციების მოწყობით, რათა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები გაწყვეტილ მდგომარეობაში შენარჩუნდეს,” – დარწმუნებულია რუსი პარლამენტარი.

დეპუტატმა მისი მონაწილეობით 2019 წლის თბილისში მომხდარი ინციდენტი გაიხსენა.

”2019 წელს საქართველოს რადიკალურმა ოპოზიციამ სახელმწიფო გადატრიალება სცადა, ისარგებლა იმ ფაქტით, რომ თბილისში ჩატარდა მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალური ასამბლეა და მრავალი პარლამენტარი იმყოფებოდა, რომ ხელისუფლებას არ გამოეყენებინა ძალა აჯანყების ჩასახშობად”, – თქვა გავრილოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები