საქართველოს პრემიერმინისტრის – ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერისა და მისი თანმხლები პირების რეგულაციების გაუთვალისწინებლად შეკრება მიუღებელია და შესაბამის უწყებებს ჰქონდათ მყისიერი რეაგირება.
მისივე თქმით, პოზნერი და მისი თანმხლები პირები ქვეყანაში კანონის სრული დაცვით შემოვიდნენ.
„ვლადიმერ პოზნერს, რომელიც არის აგრეთვე აშშ-ის მოქალაქე, არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ. ის ხშრად სტუმრობს საქართველოს აშშ-ის პასპორტით. ეს იყო მორიგი კერძო ხასიათის ვიზიტი. ამასთან, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, მას და მის თანმხლებ პირებს ჰქონდათ ეგრეთ წოდებული კოვიდპასპორტი და ასევე უარყოფითი პასუხი „პისიარ“ ტესტზე. ისინი ქვეყანაში შემოვიდნენ კანონის შესაბამისად.
რაც შეეხება სტუმრების შეკრებას თბილისის ერთ-ერთ დაწესებულებაში რეგულაციების გაუთვალისწინებლად, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ყველასთვის მიუღებელია და შესაბამის უწყებებს ჰქონდათ მყისიერი რეაგირება. კერძოდ, დაჯარიმდა როგორც დაწესებულება, ასევე, ყოველი ინდივიდი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ჟურნალისტი, ვლადიმერ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნად სტუმრებთან ერთად საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. როგორც პოზნერმა „რია ნოვოსტისთან“ საუბარში განაცხადა, უკან დაბრუნებას 3 აპრილს გეგმავდა, თუმცა, ქვეყანა, განვითარებული მოვლენების გამო, ვადაზე ადრე დატოვა.