“მე მიმაჩნია, ბოლოს “ქართულმა ოცნებამ” თქვა, რომ გარკვეული შენიშვნების გათვალისწინებით მზად იყვნენ, დოკუმენტისთვის ხელი მოეწერათ. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა თქვა, რომ არცერთ შემთხვევაში ხელს არ მოაწერდა”, – ასე გამოეხმაურა “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ჩაშლილ მოლაპარაკებებს.
მისი თქმით, მთავარი საკითხი პოლიტიკოსების გაჯიუტება იყო.
“ხელი ჰკრეს და მაგიდიდან გადააგდეს შეთანხმება, სადაც საარჩევნო რეფორმასთან ერთად მართლმსაჯულების რეფორმა, ანუ ამ ქვეყნის მომავალი ეწერა. როგორც ჩანს, ვიღაცებისთვის კონკრეტული პარტიული დღის წესრიგი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე, მაგალითად, მართლმსაჯულების რეალური რეფორმა.
მთავარი საკითხი პოლიტიკოსების გაჯიუტება იყო, რომლებსაც კომპრომისი მიაჩნიათ ის, რომ “ჩემი უნდა გავიტანო ბოლომდე, თუ არ შესრულდება, არ მაინტერესებს, რა იქნება”. მე მიმაჩნია, ბოლოს “ქართულმა ოცნებამ” თქვა, რომ გარკვეული შენიშვნების გათვალისწინებით მზად იყვნენ, დოკუმენტისთვის ხელი მოეწერათ. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა თქვა, რომ არცერთ შემთხვევაში ხელს არ მოაწერდა”, – განაცხადა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უშედეგოდ დასრულდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი საქართველოდან უკვე გაემგზავრა.