დავით სერგეენკო: ვფიქრობ, მოლაპარაკება საბოლოოდ ჩაშლილი არ არის – იმედს ვიტოვებ, შეთანხმების მისაღწევად რესურსი დარჩა
პარლამენტის ვიცესპიკერი, დავით სერგეენკო გუშინდელი მოლაპარაკებების უშედეგოდ დამთავრებას ეხმაურება და იმედოვნებს, რომ შეთანხმების მისაღწევად რესურსი დარჩა.
სერგეენკო ფიქრობს, რომ პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი საბოლოოდ ჩაშლილი არ არის.
„ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა ვადამდელ არჩევნებზე არც კი ყოფილა განხილული მოდერატორის მიერ, პოლიტპატიმრების საკითხზე მისი შემოთავაზება იყო გირაოს გადახდით გათავისუფლებულიყო მელია, 20 ივნისის მოვლენებზე უმოკლეს ვადებში ყოფილიყო მიღებული ამნისტიის შესახებ კანონი, ამაზეც ოპოზიციამ უარი თქვა. იყო იქ გარკვეულ საპარლამენტო თანამდებობებზე საუბარი, რამაც მე პირადად ცოტა გამაკვირვა. რა დროს თანამდებობებზეა საუბარი, როცა სახელმწიფოებრივი ინტერესია, მაგრამ ამაზეც იყო მზადყოფნა, თუმცა, არა იმ მოცულობით, რასაც ოპოზიცია ითხოვდა. მე ვფიქრობ, საბოლოოდ ჩაშლილი ეს მოლაპარაკება არ არის, ისევ ვიტოვებ იმედს, რადგან გუშინ მკაფიოდ გამოიკვეთა, მთავარი შედეგი არის ის, რომ ვადამდელ არჩევნებს არცერთი საერთაშორისო პარტნიორი არ განიხილავს ლეგიტიმურად, რაც საკვანძო საკითხი იყო, დანარჩენ საკითხებზე ვფიქრობ, დარჩა იმის რესურსი, რომ მოლაპარაკება და შეთანხმება შედგეს”, – განაცხადა სერგეენკომ.
შეგახსენებთ, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უშედეგოდ დასრულდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი საქართველოდან უკვე გაემგზავრა.