პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე უძღვებოდა, საპენსიო თემაზე საკომიტეტო მოსმენის გამართვასთან დაკავშირებით კომიტეტში შემოსულ წერილზე იმსჯელეს. პარლამენტის ინფორმაციით, „მოქალაქეების” წარმომადგენლები – პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი და პარლამენტის წევრი ალექსანდრე ელისაშვილი, იმის გამო რომ ფრაქცია არ გააჩნიათ და რეგლამენტით განსაზღვრულ პროცედურებს ვერ განახორციელებენ, მიმართავენ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, გაიმართოს საკომიტეტო მოსმენა საპენსიო სესხებთან დაკავშირებით, რომლებსაც ლიბერთი ბანკი გასცემს და ამ მოსმენაზე მოიწვიონ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი, ლიბერთი ბანკის და ბანკების ასოციაციის წარმომადგენელები. ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, სანამ კომიტეტი ამ წერილებს მიიღებდა, პარლამენტის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა უკვე დაინტერესებული იყო ამ თემით და საკითხზე გარკვეული მოკვლევებიც აქვს დაწყებული. როგორც ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციაც დაინტერესდა იმ თემებით, რაც რეალურად აწუხებს ჩვენს მოსახლეობას. „ცნობისათვის უნდა ვთქვა, რომ ჩემს კოლეგებთან ერთად, ამ თემაზე მოკვლევა უკვე ორი თვეა დაწყებული გვაქვს, მთელი რიგი ინსტანციების წარმომადგენლებსაც შევხვდით და მოპოვებულ დოკუმენტებზე ვმუშაობთ. ლიბერთი ბანკს გარკვეული ვადა აქვს მიცემული პენსიების დასარიგებლად, შემდეგი ნაბიჯი იქნება, რომ უფრო ღია, გამარტივებული, გამჭვირვალე, ყოველმხრივ დაბალანსებული პოლიტიკა გავატაროთ. ამასთან დაკავშირებით თუ ოპოზიციას აქვს ინტერესი, ძალიან კარგია, შემოგვიერთდეს, ერთად ვიმუშაოთ არა მხოლოდ საპენსიო, არამედ სხვა თემებზეც. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს თემა არ ახალია, წინა მოწვევის პარლამენტიც მუშაობდა მთავრობასთან ერთად და სწორედ ამის შედეგია, რომ სწრაფი სესხები – ონლაინ სესხები გავაჩერეთ, კლების მიმართულებით მიდის საპროცენტო განაკვეთები. ვფიქრობ, არის რეზერვი, რომ უფრო მოქნილი და პენსიონერების ინტერესებისათვის უფრო დაბალანსებული პროცენტი დადგინდეს და მომსახურების პირობებიც იყოს უფრო მისაღები”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ. ირაკლი კოვზანაძის განმარტებით, ვინაიდან ცალკეულ დეპუტატებს არა აქვს უფლება სახელმწიფო სამსახურში მყოფი პირების საკომიტეტო მოსმენაზე მოწვევის, კომიტეტმა უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. კომიტეტის წევრებმა, ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ერთხმად დაუჭირეს მხარი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და სოციალური დახმარების სამსახურის ხელმძღვანელის პარლამეტში მოწვევას.