ლევან ბეჟაშვილი: კრისტიან დანიელსონის ვიზიტი პოლიტიკური კრიზისის გადასაწყვეტად ძალიან მნიშვნელოვანია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტი და მოლაპარაკებების მეორე რაუნდი პოლიტიკური კრიზისის გადასაწყვეტად ძალიან მნიშვნელოვანია.

ბეჟაშვილის თქმით, მმართველი გუნდის განცხადებები მოლაპარაკებების პროცესის ობიექტურად წარმართვას ხელს არ უწყობს.

„დანიელსონის ვიზიტი და მოლაპარაკებების მეორე რაუნდი პოლიტიკური კრიზისის გადასაწყვეტად ძალიან მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებთ, პოზიციები დაახლოვდება. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ყოველდღიურ რეჟიმში ბრიფინგებზე განცხადებებს აკეთებს, რომელიც ხელს არ უწყობს მოლაპარაკებების პროცესის ობიექტურად წარმართვას. ვიმედოვნებთ, მათ ეყოფათ პასუხისმგებლობა და გამბედაობა საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შესთავაზოს ისეთი დოკუმენტი, რომელიც განხილვადი იქნება. ბუნებრივია, ოპოზიცია კომპრომისებზე წასასვლელად მზად ვართ, იმისთვის რომ, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გადაწყდეს და ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. მოლაპარაკებების დროს ნებისმიერი კომპრომისი დამოკიდებულია იმაზე, რა წინადადებებს შემოგვთავაზებს ის მხარე, რომელსაც პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა შეუძლია. კონკრეტულად რაიმე სახის კომპრომისზე საუბარი შეუძლებელი იქნება, თუ მოლაპარაკებები არ დაიწყო და განსახილველად არ დაიდო ის დოკუმენტი, რომელიც ყველა იმ საკითხს პასუხობს, რომელიც დღეს ქვეყანაშია. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი სწორედ იმიტომ შეიქმნა, რომ არჩევნები გაყალბდა და საზოგადოება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს და მოლაპარაკებამდე რამდენიმე დღით ადრე დააკავეს ნიკა მელია. ეს ორი საკითხი კრიზისის მთავარი განმსაზღვრელია”, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი უკვე საქართველოშია. როგორც ცნობილია, დანიელსონი მედიაციის პროცესს ორშაბათიდან, 29 მარტიდან განაახლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები