გიორგი ტყემალაძე „კავკასიის უნივერსიტეტის“ სტუდენტებს შეხვდა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე „კავკასიის უნივერსიტეტის“ სახელმწიფო მართვის სკოლის, „ადგილობრივი თვითმმართველობის“ სალექციო კურსის სტუდენტებს შეხვდა. საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა საქართველოს პარლამენტის წევრის და კურსის ლექტორის რიმა ბერაძის ინიციატივით გაიმართა და მასში თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დავით უთმელიძე მონაწილეობდა. შეხვედრის მიზანი, სტუდენტებისთვის თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობის გაცნობა იყო. საქართველოს პარლამენტის წევრმა რიმა ბერაძემ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს სტუდენტებთან შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და წარმომადგენლობითი ორგანოსა და „კავკასიის უნივერსიტეტს“ შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას ხაზი გაუსვა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ სტუდენტებს დედაქალაქის მართვის პროცესში, წარმომადგენლობითი ორგანოს როლზე და მის ფუნქციებზე ინფორმაცია მიაწოდა. „მისასალმებელია, რომ თქვენ საჯარო მართვის მიმართულებით, თვითმმართველობის კურსი აირჩიეთ. დამეთანხმებით, რომ საჯარო მართვაში თვითმმართველობის ინტერესი გამორჩეულია. მე ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის საქმიანობა ყველაზე ახლოს არის მოსახლეობასთან, მის ყოველდღიურობასთან. ეს არის დინამიური და საინტერესო პროცესი,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ სტუდენტებს მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო: სოციალური და ჯანდაცვის პროექტები, სატრანსპორტო და ურბანული პოლიტიკა, გარემოს დაცვა. გიორგი ტყემალაძემ დედაქალაქის მერიასთან თანამშრომლობაზე და გადაწყვეტილებების მიღების პროცედურებზეც ისაუბრა. საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ დავით უთმელიძემ სტუდენტებს კომისიის საქმიანობაზე და დედაქალაქის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესზე ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. „კავკასიის უნივერსიტეტის“ სტუდენტებს კითხვები ბიუჯეტთან, დაფინანსებულ პროექტებთან, განათლების პროგრამებთან დაკავშირებით ჰქონდათ, რომლებზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს. შეხვედრის ფარგლებში, თბილისის საკრებულოს ისტორიულ შენობაში სტუდენტებისთვის ექსკურსია მოეწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები