ალეკო ელისაშვილი: ყველამ უნდა გავიაზროთ, თუ ვინმე ზარალდება – ეს ქვეყანა და ხალხია, მათ რეალურ პრობლემებზე არ ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ იმაზე, ვინ შევა პარლამენტში და ვინ – არა

“იმას რომ გეტყვიან, კომპრომისი არ არის სისუსტე, პარტიულ ინტერესებზე მაღლა ქვეყანა დააყენეთ, ერთადერთი, ვინც ხელებს იფშვნეტს და იცინის, არის რუსეთიო, ამის მეტი რაღა უნდა გვითხრან? წესით, უნდა გვრცხვენოდეს”, – ასე გამოეხმაურა „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელის დეგნანის განცხადებას.

მისივე თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსი საკუთარი ამბიციების მძევალია.

„ასეთ რაღაცას მეგობრები და კეთილისმსურველები რომ გვეუბნებიან, წესით, ძალიან უნდა გვრცხვენოდეს ქართველ პოლიტიკოსებს. იმას რომ გეტყვიან, კომპრომისი არ არის სისუსტე, პარტიულ ინტერესებზე მაღლა ქვეყანა დააყენეთ, ქვეყნის მომავალს უფრო მეტი პასუხისმგებლობით შეხედეთ და თქვენი გაჯიუტებით, ერთადერთი, ვინც ხელებს იფშვნეტს და იცინის, არის რუსეთიო. ამის მეტი რაღა უნდა გვითხრან? წესით, უნდა გვრცხვენოდეს და უფრო მეტი მზაობა უნდა გვქონდეს შეთანხმებისთვის. ამ ფონზე გაჯიუტებული ვართ. შეუთანხმებლობა და პოლიტიკური კრიზისი რომ არის, ყველას ბრალია, ვინც იქ ვსხედვართ. მეც დავიბრალებ, მეც ვარ ამაში დამნაშავე. ყველამ თავის თავში უნდა ჩაიხედოს და თავის თავს უნდა დაუსვას კითხვა. როდემდე შეიძლება, გაგრძელდეს კრიზისი კი არა, გაჯიუტება. ზოგი თავისი სიტყვის მძევალია, ზოგს სხვა იდეები აქვს თავში, ზოგი თავისი ამბიციების მძევალია. ყველამ უნდა გავიაზროთ, თუ ვინმე ზარალდება, ეს  ქვეყანა და ხალხია, მათ რეალურ პრობლემებზე არ ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ ხუთი თვეა იმაზე, ვინ შევა პარლამენტში და ვინ – არა“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ – “კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი, ეს უნდა გაიგოს მმართველმა პარტიამაც და ოპოზიციამაც”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები