სოზარ სუბარი: შეიძლება, მაისი კი დარჩეს მაისად, მაგრამ წელს ვერ დააზუსტებენ, რომელ წელს იქნება აქცია, რადგან ხალხი არ მოჰყვებათ
“შეიძლება, მაისი კი დარჩეს მაისად, მაგრამ წელს ვერ დააზუსტებენ, რომელ წელს იქნება აქცია, რადგან ხალხი არ მოჰყვებათ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, ხალხმა, ოპოზიციისგან განსხვავებით, ძალიან კარგად იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა.
„ოპოზიციამ 2012 წლის შემდეგ ვერც ერთხელ ხალხი ვერ შეკრიბა, რატომ? – არ აქვს ნდობა და ხალხი არ მიჰყვება. საპარლამენტო არჩევნებზე მთავარ ოპოზიციურ ძალას ხმა ნახევარმა მილიონმა ადამიანმა მისცა, დაახლოებით მილიონია ოპოზიციისთვის ხმის მიმცემი, მაგრამ ეს ხალხი ქუჩაში არ გამოდის, რადგან, ოპოზიციისგან განსხვავებით, ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. მართლა რომ გაყალბებულიყო, არანაირი მოწოდება არ დასჭირდებოდათ, თავის ხმებს დაიცავდნენ.
რევოლუცია უნდათ, ვერ აკეთებენ; პარლამენტში შემოსვლა უნდათ, ვერ ბედავენ, მიშა აბულინგებთ; ქუჩაში შეკრება უნდათ, ვერ ახერხებენ; სენატში მოსმენა იყო, ევროპიდან რა მესიჯებიც მოდის, მგონი, 15 მაისის აქციასაც ვეღარ ჩაატარებენ და ამ აქციის გადატანა მოუხდებათ. შეიძლება, მაისი კი დარჩეს მაისად, მაგრამ წელს ვერ დააზუსტებენ, რომელ წელს იქნება აქცია, რადგან ხალხი არ მოჰყვებათ. ამას კარგად გრძნობენ და ჩვენ გვიწყებენ დამუნათებას, რატომ ითვლით, ქუჩაში რამდენი ადამიანი დგასო. თუ დასათვლელი არ არის, აქციებს რატომ აწყობენ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.