შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის ნაწილს სითამამე აკლია, ხმები ისმის, რომ მათ პარლამენტში შესვლა სურთ, თუმცა, მოქცეულნი არიან სხვა ჯგუფის გავლენის ქვეშ – მათ მოვუწოდებ, თამამი გადაწყვეტილება მიიღონ

“ჩვენს ოპონენტებში სხვადასხვა მოტივაციაა – არის გარკვეული ჯგუფი, რომელსაც არ სურს, მოლაპარაკებები იყოს წარმატებული და უნდათ, რამენაირად, პრობლემა შეუქმნან ქვეყანას, მათ შორის, საერთაშორისო იმიჯს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ნაწილს სითამამე აკლია, ხმები ისმის, რომ მათ პარლამენტში შესვლა სურთ, თუმცა, სხვა ჯგუფის გავლენის ქვეშ არიან მოქცეულნი.

„როგორც ჩანს, კრისტიან დანიელსონი საქართველოს კვლავ ეწვევა მედიატორის რანგში. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ევროკავშირი საქართველოს ყურადღებას აქცევს და მნიშვნელოვანია, ქვეყანაში პროცესები დემოკრატიულ ჭრილში მიმდინარეობდეს, პარლამენტმა სრულად ფუნქციონირება შეძლოს ოპოზიციასთან ერთად. ჩვენ იმედს ვამყარებთ საკუთარ თავზე, რადგან ვიცით, რა შეთავაზებები გვაქვს გაკეთებული. ფასილიტაციისა და მოლაპარაკებების პროცესში ყველაზე კონსტრუქციული იყო „ქართული ოცნება“. ჩვენი ოპონენტების მხრიდან საპირისპიროს ვხედავთ. ისინი კომპრომისად იმას განიხილავენ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან საერთოდ დასხდნენ, რაც არასერიოზულია. ასევე, ულტიმატუმს აყენებენ ორ საკითხზე – პატიმრებთან და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. დღეს მოვისმინე, რომ ოპონენტების ტონი შერბილებულია. იმედია, უფრო რეალურად შეხედავენ სიტუაციას და გამოვლენ ქვეყნის ინტერესებიდან და არა პარტიული. ჩვენს ოპონენტებში სხვადასხვა მოტივაციაა – არის გარკვეული ჯგუფი, რომელსაც არ სურს, მოლაპარაკებები იყოს წარმატებული და უნდათ, რამენაირად, პრობლემა შეუქმნან ქვეყანას, მათ შორის საერთაშორისო იმიჯს. ოპონენტების ამ ნაწილისგან რაიმე კონსტრუქციულ ნაბიჯებს არ ველოდები, თუმცა როგორც ჩანს, მეორე ნაწილია, რომელსაც გადაწყვეტილებაში სითამამე აკლია. ხმები ისმის, რომ მათ პარლამენტში შესვლა სურთ, თუმცა გარკვეულწილად, მოქცეული არიან სხვა ჯგუფის გავლენის ქვეშ. ამ ჯგუფს მოვუწოდებ, თამამი გადაწყვეტილება მიიღონ, როგორიც „მოქალაქეებმა“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“ მიიღეს. პირდაპირ ამბობს „გირჩი“, რომ შემოსვლა სურს, ვერ ვხვდები, მათი მიზეზი რა არის, რატომ არ შემოდიან. „რესპუბლიკელებს“ აქვთ განწყობა პარლამენტში შემოვიდნენ. აქ სითამამეც არ არის საჭირო, რადგან მათი ვალდებულებაა ის მანდატი განახორციელონ, რაც ამომრჩეველმა მიანიჭა. იმის გათვალისწინებით, რომ არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც მოლაპარაკებების კონსტრუქციულობას ხელს უშლის, როგორც ჩანს, თამამი გადაწყვეტილებები საჭიროა. დრო დადგა, რომ გადაწყვეტილება მიიღონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არა პარტიული თუ პირადი შიშებიდან გამომდინარე. ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და პატივი სცენ, მოქალაქეების გადაწყვეტილებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები