თეა წულუკიანი: დაახლოებით, 2-3 თვეში გვექნება ფაქტებზე დაფუძნებული ხედვა, თუ რისი გაკეთება არის საჭირო იმისთვის, რომ სწრაფად დავძლიოთ პანდემიით გამოწვეული დამაზიანებელი შედეგები
“დაახლოებით, 2-3 თვეში გვექნება ფაქტებზე დაფუძნებული ხედვა, თუ რისი გაკეთება არის საჭირო იმისთვის, რომ სწრაფად დავძლიოთ პანდემიით გამოწვეული დამაზიანებელი შედეგები”, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
თეა წულუკიანის თქმით, ხელოვანებთან დიალოგის მექანიზმები იქნება ასაწყობი.
„ახლა, როდესაც ეს ორგანიზაციები გაიხსნება და შემოსავლის მიღება დაიწყება, ჩვენ დაახლოებით 2-3 თვეში გვექნება ფაქტებზე დაფუძნებული ხედვა, თუ რისი გაკეთება არის საჭირო იმისთვის, რომ სწრაფად დავძლიოთ პანდემიით გამოწვეული დამაზიანებელი შედეგები.
აქ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძლოთ და ჩავიხედოთ იმ ადგილებში, რომელიც არის თავისუფალ ბაზარს მინდობილი და საერთოდ არ არის ჩვენი სისტემის ოფიციალურად ნაწილი, მაგრამ კულტურის დარგია. მაგალითად ის ხელოვანები, რომლებიც არც კულტურის სამინისტროს თეატრებში მუშაობენ და კერძო თეატრში მოღვაწეობენ, ან კიდევ არიან ხელოვანები, რომლებიც თავის თავზე მუშაობენ და თავიანთი საქმიანობით პანდემიამდე ინახავდნენ საკუთარ შემოქმედებას, თავებსა და ოჯახებსაც. მათთანაც დიალოგის მექანიზმები იქნება ასაწყობი. ჩვენ დავინტერესდებით იმით, თუ რა უჭირთ მათ, ან შეიძლება არაფერი უჭირთ, მაგრამ სურვილები აქვთ. რაშიც შევძლებთ, ხელი უნდა შევუწყოთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა.