თავდაცვის მინისტრი ესტონეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი – ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რიინა კალიურანდს შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ესტონელ დიპლომატს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ესტონეთის მრავალწლიანი ორმხრივი მხარდაჭერა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების საქმეში ესტონეთის წვლილი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) ესტონეთის კონტრიბუცია. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნატო-ში ინტეგრაციის, სამხედრო განათლებისა და საერთაშორისო სამხედრო სწავლებების მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე.
ჯუანშერ ბურჭულაძემ ესტონეთის ელჩთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამომავლო გეგმები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებიც განიხილა. შეხვედრას ესტონეთის სამხედრო ატაშე, ვიცეპოლკოვნიკი კაიდო ლაინიარვი დაესწრო.