ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენმა ექიმებმა დაკარგეს ახალგაზრდა კოლეგა, რომელიც მთელი თავისი არსებით იდგა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის სადარაჯოზე და ებრძოდა პანდემიას
“ჩვენმა ექიმებმა დაკარგეს ახალგაზრდა კოლეგა, რომელიც მთელი თავისი არსებით იდგა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის სადარაჯოზე და ებრძოდა პანდემიას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პრემიერი გარდაცვლილი ექთნის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„უდიდეს გულისტკივილსა და მწუხარებას გამოვთქვამ ახალგაზრდა ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გამო. ეს არის უდიდესი ტრაგედია, რომელიც ყველამ განიცადა და გულთან ახლოს მიიტანა, დიდი დარტყმა, რომელიც მთელმა საქართველომ მიიღო. ჩვენმა ექიმებმა დაკარგეს ახალგაზრდა კოლეგა, რომელიც მთელი თავისი არსებით იდგა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის სადარაჯოზე და ებრძოდა პანდემიას. გულწრფელად თანავუგრძნობ და სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახსა და ახლობლებს, ვუსამძიმრებ მთელს სამედიცინო საზოგადოებას“, – აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.
27 წლის ექთანს, მეგი ბაქრაძეს ,,ასტრაზენეკას” ვაქცინის გაკეთების შემდეგ მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა და დღეს გარდაიცვალა.