მამუკა მდინარაძე: ჟოზეფ ბორელმა სიმართლე თქვა და როგორც კი ოპონენტებს ეს არ მოეწონათ, იმ წუთასვე მასზე შტურმი და თავდასხმა განახორციელეს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, შეწყვიტონ იმ ადამიანებზე თავდასხმა, რომლებიც ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას ახმოვანებენ.
„ჟოზეფ ბორელმა სიმართლე თქვა და როგორც კი ოპონენტებს ეს არ მოეწონათ, იმ წუთასვე მასზე შტურმი და თავდასხმა განახორციელეს, რაც, სამწუხაროდ, მათი მხრიდან ახალი არ არის. თავდასხმა იყო ელჩებზე. ზიზღისა და სიძულვილის ენაა სოციალურ ქსელში, ეს ძალიან ცუდია. როცა ჩვენს ოპონენტებს არ მოსწონთ რომელიმე განცხადება, თუნდაც, მწარე სიმართლე იყოს, ამ დროს ცდილობენ, თავს დაესხან მიუხედავად იმისა, რომ ეს არის დასავლეთი, ევროკავშირი. ამას კადრულობენ და ბედავენ, რაც სამწუხაროა. ოპონენტებს მოვუწოდებ, თავი დაანებონ დასავლეთზე, ელჩებსა და იმ ადამიანებზე თავდასხმას, რომლებიც ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას ახმოვანებენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი აღნიშნავს, რომ ეუთო-მ საპარლამენტო არჩევნები სამართლიანად და თავისუფლად მიიჩნია.