მამუკა მდინარაძე: ჩვენი პარტნიორები საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას ეუთო/ოდირ-ის დასკვნას ეყრდნობიან და აღნიშნულ დასკვნასთან მიმართებით კითხვის ნიშნები არ არსებობს

“ჩვენი პარტნიორები საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას ეუთო/ოდირ-ის დასკვნას ეყრდნობიან და აღნიშნულ დასკვნასთან მიმართებით კითხვის ნიშნები არ არსებობს”, – ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ბრიუსელში საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.

მისი თქმით, არჩევნები კონკურენტულ პირობებში, დემოკრატიის პრინციპების დაცვით ჩატარდა.

„შესაბამისად, დასკვნა მარტივია, ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოში უნდა წარიმართებოდეს, ხოლო პროცესების მისი გვერდის ავლით წარმართვა არც ევროპის და არც ჩვენი სხვა სტრატეგიული პარტნიორების ინტერესებში არ შედის, რადგან ეს არ არის გზა დემოკრატიისაკენ. პირიქით, ეს ხელს უშლის ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას. ჩვენი პარტნიორები ასეთი ფორმით სვლას არ იწონებენ. ჩვენი პარტნიორები საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას ეუთო/ოდირ-ის დასკვნას ეყრდნობიან და აღნიშნულ დასკვნასთან მიმართებით კითხვის ნიშნები არ არსებობს, რომ არჩევნები კონკურენტულ პირობებში, დემოკრატიის პრინციპების დაცვით ჩატარდა. თუ ვინმე კითხვის ნიშანს დასვამს საპარლამენტო არჩევნების მიმართ, ეს იმას ნიშნავს, რომ კითხვებს ევროპული ინსტიტუციებისადმი სვამენ, არ ენდობიან ევროპელ დიპლომატებს და ისეთ ინსტიტუციას, როგორიცაა ეუთო/ოდირი. არჩევნებისადმი კითხვის ნიშნები ვერავითარ ლეგიტიმურობას ვერ შეიძენს მაშინ, როდესაც ყველა ჩვენი დასავლელი პარტნიორი და ევროპული ინსტიტუტი ცალსახად მიუთითებს, რომ არჩევნები შედგა და ეს იყო დემოკრატიული“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები