დავით სონღულაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) წარმომადგენლებს შეხვდა
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) წარმომადგენლებს შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა დეტალურად განიხილეს კომიტეტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობები, ასევე ის პროექტები და ღონისძიებები, რომელთა ეფექტიანი განხორციელებაც სამომავლოდ სხვადასხვა სექტორის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება Covid-19-ის პანდემიის შედეგად მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევებს, ასევე ტურიზმის სექტორის პრობლემებს, თანმიმდევრულ აღდგენას და შემდგომ განვითარებას დაეთმო. ამ კუთხით, ხაზგასმით აღინიშნა, რომ გაეროს განვითარების პროგრამის და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობები, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისთვის პრიორიტეტული საკითხების გაცილებით უკეთ წარმართვას შეუწყობს ხელს.