ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში შარლ მიშელს შეხვდება

საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდება.

ამის შესახებ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალია საბანაძემ განაცხადა.

შეხვედრა ბრიუსელის დროით 3 საათზე ჩაინიშნა.

„დღეს ორი მნიშვნელოვანი შეხვედრაა. პირველი ევროკავშირის პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან, რომელიც დაგეგმილი იყო. ეს ხდება, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების ფონზე, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ამიტომ, ყველას დიდი ინტერესი აქვს ამ შეხვედრის მიმართ. გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში, ერთმანეთთან დაკავშირებული იქნება, მაგრამ შეხვედრის შესახებ შეთანხმება ფაქტობრივად უკვე თბილისში გაკეთდა, როდესაც მიშელმა უთხრა, რომ გავაგრძელებთ ამ თემებზე საუბარს ბრიუსელში, ეს არის ამის გაგრძელება.

მეორე შეხვედრა უკვე იქნება ბელგიის პრემიერმინისტრთან, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი ხანია, არ ჰქონია უმაღლესი დონის შეხვედრა ბელგიის მთავრობის წარმომადგენელთან. შედარებით ახალი პრემიერმინისტრია და პირადად მე, დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გარკვეულწილად ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, გაღრმავებას და მომავალი გეგმებიც დაისახება“, – განაცხადა ნატალია საბანაძემ.

16 მარტს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეექვსე შეხვედრა გაიმართება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები