ირაკლი ბერაია – „15 მარტი განსაკუთრებული მნიშვნელობის დღეა ქართული მხედრული წარსულის ისტორიაში”

15 მარტი ქართული არტილერიის დღეა. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, დღევანდელი დღის აღსანიშნავად და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა პატივსაცემად, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ და კომიტეტის წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

მათივე ცნობით, ირაკლი ბერაიამ ქართველ არტილერისტებსა და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს დღევანდელი დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„ქართველ არტილერისტებს და საქართველოს თავდაცვის ძალებს ვულოცავ ქართული არტილერიის დღეს. ჩვენ ასევე განსაკუთრებული პატივისცემით ვიხსენებთ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს. 15 მარტი განსაკუთრებული მნიშვნელობის დღეა ქართული მხედრული წარსულის ისტორიაში, როდესაც ქართველმა ჯარისკაცებმა, არტილერისტებმა უკუ აგდეს რუსეთის გენშტაბში დაგეგმილი მასირებული შეტევა, სადაც ჩართულნი იყვნენ არა მხოლოდ სეპარატისტული ბანდ ფორმირებები და დაქირავებული „ბოევიკები”, არამედ რუსეთის რეგულარული ჯარის ნაწილებიც. ქართულ არტილერიას მნიშვნელობანი როლი აკისრია ქვეყნის თავდაცვაში, ის გამოირჩევა განსაკუთრებული სიმამაცითა და ბრძოლისუნარიანობით. მინდა, წარმატებები ვუსურვო ჩვენს არტილერიას და წარმატებები ვუსურვო საქართველოს თავდაცვის ძალებს”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონიას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი, კობა კობალაძე და სამხედრო ვეტერანები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები