გურამ მაჭარაშვილი – დარწმუნებული ვარ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები უკვე ხედავენ, რომ აუცილებელია საქართველოს პარლამენტში მუშაობის გაგრძელება

რადიკალურ ოპოზიციას დღეს აქვს შესაძლებლობა და ალბათ, უფრო მეტად მიზეზი იმისა, რომ იყოს ადეკვატური არსებული პოლიტიკური სიტუაციის, პროცესების და კონსტრუქციული გახდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, არის პოზიტიური მოლოდინი, რომ მოხდება შეთანხმება და დასრულდება წარმატებით, რომელიც სჭირდება არა რომელიმე მხარეს, არამედ საქართველოს სახელმწიფოს.

„საქართველოს აქვს ძალიან ჯანსაღი ამბიცია, რომ გახდეს ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. რაც შეეხება მოლაპარაკების დეტალებს, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, რადგან მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს და არ უნდა შეეშალოს ამ პროცესს ხელი. შემიძლია გითხრათ, რომ რადიკალურ ოპოზიციას დღეს აქვს შესაძლებლობა და ალბათ, უფრო მეტად მიზეზი იმისა, რომ იყოს ადეკვატური არსებული პოლიტიკური სიტუაციის, პროცესების და კონსტრუქციული გახდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, ხელი მოაწეროს იმ შეთანხმებას, რაზეც ვისაუბრეთ, რომ ეს საჭიროა ქვეყნისთვის, სახელმწიფოს განვითარებისთვის. იმედის საფუძველს გვაძლევს, რომ არსებობს ევროსაბჭოს პრეზიდენტის და მისი სპეციალური წარმომადგენლის ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება. დარწმუნებული ვარ, მათ შორის რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებიც უკვე ხედავენ, რომ რეალურია, როგორც საერთაშორისო საზოგადოების, ისე შიდა საზოგადოების გადაწყვეტილება – აუცილებელია საქართველოს პარლამენტში მუშაობის გაგრძელება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები და იქნება ერთგვარი წინაპირობა და ტესტი ოპოზიციისთვის, მოემზადონ 2024 წლის არჩევნებისთვის.

„პარლამენტის მანდატების გამოუყენებლობა და თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტის გამოცხადება ერთი და იგივე არ არის. თუ დღეს ვინმე არ იყენებს პარლამენტში იმ 54 მანდატს, ეს არ ნიშნავს, რომ სხვა პოლიტიკური ოპონენტები არ არიან დაინტერესებული ამ მანდატის გამოუყენებლობით ან ზოგადად, პოლიტიკაში მონაწილეობით. საქართველოში ნამდვილად არ გვაკლია პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას თვითმმრთველობის არჩევნებში. იმედია მაქვს შეთანხმებაც შედგება, პარლამენტშიც გაგრძელდება მუშაობა და ოპონენტები დაიწყებენ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას, მაგრამ თუ მათ არ მიიღეს მონაწილეობა, ეს არეალი პოლიტიკაში არ დარჩება ცარიელი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები