ვაქცინირებულ ადამიანებში თრომბოემბოლიების რაოდენობა არ აღემატება ზოგადად მოსახლეობაში თრომბოემბოლიების რაოდენობას – ჯანმოს ევროპის რეგიონის წარმომადგენლობა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის წარმომადგენლობა, იმ უსაფრთხოების ზომების შესახებ, რომელიც ჯანმო-ს ევროპის რეგიონის რამდენიმე ქვეყანამ მიიღო, ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე მიწოდებული ასტრაზენეკას ვაქცინის კონკრეტულ პარტიასთან მიმართებაში, განცხადებას ავრცელებს.
მათი ცნობით, ვაქცინირებულ ადამიანებში თრომბოემბოლიების რაოდენობა არ აღემატება ზოგადად მოსახლეობაში თრომბოემბოლიების რაოდენობას.
“ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) საქმის კურსშია იმ უსაფრთხოების ზომების შესახებ, რომელიც ჯანმო-ს ევროპის რეგიონის რამდენიმე ქვეყანამ მიიღო, ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე მიწოდებული ასტრაზენეკას ვაქცინის კონკრეტულ პარტიასთან მიმართებაში. გადაწყვეტილება ეფუძნება იმ ანგარიშებს, სადაც აღნიშნულია აცრილებში სისხლის შედედების იშვიათი შემთხვევების შესახებ. ამ ეტაპზე ზოგ ქვეყანაში გადაწყვეტილება იქნა მიღებული დამატებითი უსაფრთხოების ზომების შესახებ, სანამ დასრულდება აღნიშნული რამდენიმე შემთხვევის სრული მოკვლევა.
ხაზგასასმელია ევროპის სამედიცინო სააგენტოს (European Medicines Agency) ფარმაკოზედამხედველობის რისკების შეფასების კომიტეტის პოზიცია, რომ ვაქცინაციის სარგებელი ამეტებს აცრის შემდეგ შესაძლო განვითარებულ რისკს და ვაქცინაცია კვლავ გაგრძელდეს იგივე რეჟიმში, სანამ მიმდინარეობს თრომბოემბოლიების შემთხვევების სრული მოკვლევა.
ევროპის სამედიცინო სააგენტოს ფარმაკოზედამხედველობის რისკის შეფასების კომიტეტის 10 და 11 მარტს გაკეთებული წინასწარი განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ უშუალოდ ვაქცინაციამ გამოიწვია ამ სახის გართულება. არსებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ ვაქცინირებულ ადამიანებში თრომბოემბოლიების რაოდენობა არ აღემატება ზოგადად მოსახლეობაში თრომბოემბოლიების რაოდენობას. კომიტეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაქცინის მიღება გაგრძელდეს, სანამ მიმდინარეობს თრომბოემბოლიების მქონე შემთხვევების შესწავლა.
ჯანმო–ს ვაქცინის უსაფრთხოების გლობალური საკონსულტაციო კომიტეტი (WHO’s Global Advisory Committee on Vaccine Safety – GACVS) სისტემატურად განიხილავს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციასა და შესაძლო პრობლემებს, რათა ჯანმო-ს გაუწიოს შესაბამისი რეკომენდაციები ვაქცინის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.
ჯანმო–ს ვაქცინის უსაფრთხოების გლობალური საკონსულტაციო კომიტეტი თვალს ადევნებს და შეისწავლის ასტრაზენეკას ვაქცინაციასთან დაკავშირებულ მიმდინარე ანგარიშებს. როგორც კი ჯანმო–ს ამ შესაძლო შემთხვევებზე ექნება სრულყოფილი შეფასება, საზოგადოებას დაუყოვნებლივ ეცნობება, მათ შორის განახლებული რეკომენდაციაც, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ჯანმო მოუწოდებს ყველა ქვეყანას, გააგრძელონ იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული გვერდითი მოვლენების (adverse events following immunization AEFI) თვალყურის დევნება ნებისმიერი შესაძლო უარყოფითი მოვლენის აღრიცხვისა და იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული გვერდითი მოვლენების გლობალური მეთვალყურეობის მონაცემთა ბაზაში გაზიარების მიზნით.
COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ვერ შეამცირებს სხვა მიზეზებით გამოწვეულ სიკვდილიანობას. სხვა მიზეზებით გამოწვეული სიკვდილიანობა კვლავ გაგრძელდება, მათ შორის აცრილთა შორისაც, მაგრამ მიზეზშედეგობრივი კავშირი მათ შორის არ იქნება.
ა.წ. 9 მარტის მდგომარეობით, ჯანმო-ში ქვეყნების მიერ მიწოდებული ოფიციალური ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, 268 მილიონზე მეტი დოზა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთდა.
მტკიცებულებები მიუთითებენ, რომ დღემდე არ დადასტურებულა გარდაცვალების ერთი შემთხვევაც კი, რომლიც გამოწვეულია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით”, – ნათქვამია განცხადებაში.