სოზარ სუბარი: გვახსოვს „იმედში“ შეჭრილი „ნაცმოძრაობა“ და ნაცემი ჟურნალისტები – დღეს მსგავსი რამ არ განმეორდება

“არანაირ შეჭრაზე საუბარი არ არის, ეს არის ტემპერატურის აწევის მორიგი მცდელობა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარის თქმით, ის, რაც ,,ნაიონალური მოძრაობის” დროს ტელეკომპანია ,,იმედში” მოხდა, აღარ განმეორდება.

„მე ძალიან არ მინდა, რომ ახლა ეს აწეული ხმაური გამოდგეს ზუსტად ის თემა, რომლითაც ეცდებიან მოლაპარაკების ჩაშლას. იმედია, ასე არ არის. რაც შეეხება ძალით შეჭრას, ბუნებრივია, ეს არ იგულისხმება. რაც შეეხება გამოძიებას, კარგი იქნება თანამშრომლობა, გამოძიება ფაქტებისა და მასალების გარეშე არ არსებობს. მე რასაც ვუსმენდი და შეიძლება, არასწორად მახსოვს, სწორედ „პირველის“ ეთერში ამბობდნენ, მოგვიტანეს ოთხი ფლეშკა, რაღაც კონვერტიო. ვერანაირ წყაროზე ვერ გავა ვერავინ, თუ ტელევიზიამ არ იცის წყაროს ვინაობა, პროკურატურას ვერაფერს ეტყვის. შეჭრა ვისაც ახასიათებდა, ძალიან კარგად გვახსოვს. ძალიან კარგად გვახსოვს „ტელეიმედში“ შეჭრილი „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სპეცრაზმი, ნაცემი ჟურნალისტები, დეპუტატები, რომლებიც იქ დახვდნენ. ძალიან კარგად გვახსოვს რეზინის კი არა, ჩვეულებრივი ტყვიებით დაცხრილული „იბერია“, ძალიან კარგად გვახსოვს გათიშული ეთერიდან და მე ვიყავი სახალხო დამცველი, ვინც აღვადგენინე მაშინ ამერიკის და ევროკავშირის წარმომადგენლებს მაუწყებლობა ტელეკომპანია „კავკასიის“ და „25-ე არხის“. ეს ყველაფერი აღარ განმეორდება. ძალიან კარგად გვახსოვს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეზოში შეგდებული ყუმბარა და ეს ყველაფერი აღარ განმეორდება. კარგად გვახსოვს „რუსთავი 2“, წართმეული მისი მფლობელისთვის, გვახსოვს „იმედი“ – წართმეული მისი მფლობელისთვის და გადაცემული ვიღაც ჯოზეფ ქეიზე. კარგად გვახსოვს დახურული არხები და ტელეკომპანია „საქართველოსთვის“ წართმეული სიხშირეები. დღეს მსგავსი რამ არ განმეორდება“, – განაცხადა სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები