სალომე სამადაშვილი: თუ არ გადაიხედება “ქართული ოცნების” პოზიციები, შეთანხმების მიღწევა ძალიან რთული იქნება
“მედიაციის პროცესი ერთ საათში ვერ დასრულდება. მედიატორი, ჩემი ინფორმაციით, რაღაც მონახაზით ჩამოდის, რაც მხარეებს შორის მსჯელობის საფუძველი გახდება”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სალომე სამადაშვილი კრისტიან დანიელსონის საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიატორად დანიშვნის თაობაზე აცხადებს.
მისივე თქმით, თუ არ გადაიხედება “ქართული ოცნების” პოზიციები, შეთანხმების მიღწევა ძალიან რთული იქნება.
“მედიაციის პროცესი ერთ საათში ვერ დასრულდება. მედიატორი, ჩემი ინფორმაციით, რაღაც მონახაზით ჩამოდის, რაც მხარეებს შორის მსჯელობის საფუძველი გახდება. თუმცა, მას არ შეუძლია, მხარეებს შორის გამოვლენილი პოლიტიკური ნების გარეშე რაიმე წარმატებას მიაღწიოს.
ამიტომ, თუ არ გადაიხედება “ქართული ოცნების” პოზიციები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან გვინდა, ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს, ამ შეთანხმების მიღწევა ძალიან რთული იქნება”, – განაცხადა სამადაშვილმა.
ცნობისთვის, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კრისტიან დანიელსონი საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიატორად დანიშნა.