მაია ბითაძე საქართველოში ჩეხეთის ელჩს, პეტრ მიკისკას შეხვდა
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე საქართველოში ჩეხეთის ელჩს, პეტრ მიკისკას შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე თანამშრომლობის შემდგომ პერსპექტივებზე ისაუბრეს და განიხილეს გარემოს დაცვის სფეროში საპარლამენტო თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებები.
„ელჩს გავაცანით ჩვენი კომიტეტის პრიორიტეტები, როგორიცაა ეკონომიკის მწვანე განვითარება და გარემოს დაცვითი საკითხების აქტუალიზაცია დიდ ქალაქებში. დავსახეთ თანამშრომლობის მიმართულებები, განსაკუთრებით – ინდუსტრიული ავარიების პრევენციისა და ქიმიური ნივთიერებების მათვის კუთხით. ასევე, განვიხილეთ პოტენციური თანამშრომლობის სხვა მიმართულებები, განსაკუთრებით – ურბანული გამწვანებისა და ფიტოსანიტარიის საკითხებთან დაკავშირებით”, – განაცხადა მაია ბითაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ელჩმა, პეტრ მიკისკამ აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატა და მასპინძლებს აღუთქვა, რომ იზრუნებს, უახლოეს მომავალში უფრო აქტიური კავშირები დამყარდეს ჩეხეთის პარლამენტის შესაბამის კომიტეტთან.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ჩეხეთის ელჩის მოადგილე – იანა გაშპარიკოვა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – ხატია წილოსანი.