„ახლადდანიშნულ მწყემსმთავარს რაღაცები შეეშალა“ – თეოლოგი ნუგზარ ბარდაველიძე ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე საუბრობს

“მივიჩნევ, რომ ახლადდანიშნულ მწყემსმთავარს რაღაც-რაღაცები შეეშალა”, – ამის შესახებ თეოლოგმა, ნუგზარ ბარდაველიძემ ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ნუგზარ ბარდაველიძემ განაცხადა, რომ მეუფე სტეფანე ეპარქიაში ჩასვლისას ჯერ სიტუაციას უნდა გასცნობოდა და ხალხს შეხვედროდა.

„მარტვილის ეპარქიაში მომხდარ ფაქტს რაც შეეხება – ეს ყველაფერი ახლა არ დაწყებულა. ეს დაიწყო 2017 წლიდან, როცა ყველამ გავიცანით მეუფე პეტრე, მან მომხრეებიც გაიჩინა და მოწინააღმდეგეებიც. მაშინვე ვფიქრობდი, რომ ამას ცუდი შედეგი ექნებოდა. ეკლესია ისეთი ჩაკეტილი ინსტიტუტია, როცა ზედმეტად რომელიმე მღვდელმთავარი თავის გამოჩენას ცდილობს, რბილად რომ ვთქვათ, უსიამოვნო გარემო იქმნება ხოლმე. შემდეგ ამ დაპირისპირებამ მიუღებელი ფორმა მიიღო.

თეოლოგიური კომენტარი რომ გავაკეთო, წმინდა წერილში, მოციქულთა საქმეში ძალიან კარგი ტექსტია: იქ საინტერესო ამბავია, პეტრე მოციქულისგან დარიგება, ის ჩადის და ახლადდაარსებულ ეკლესიის წევრებს ხვდება. ეკლესია საკრებულოს, ხალხის, მორწმუნეთა კრებულს ნიშნავს. პეტრე მოციქული ჩადის ამ საკრებულოებში, ხედავს ასეთ ფაქტს – იქ არის დიდი ხნის მოძღვარი, კარგად ქადაგებს, ხალხს შეუყვარდა, იქ იძახიან, მე კეფასი ვარ, მე აპოლონის ვარო, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ჩვენ, ყველა იესო ქრისტესი ვართ და არა – ცალკე რომელიმე მოძღვრის, ეპისკოპოსის. ეკლესიაში ხალხი იესო ქრისტესთვის მიდის.
ეპარქიაში წლების მანძილზე მეუფე პეტრე იყო. მას ხალხი მიეჩვია, მისდამი მიჯაჭვულობა გაუჩნდათ. მეუფე პეტრე კიცხავდა თავის სულიერ ძმებს, ეტყობა, ამ თემებს ქადაგებისას ხშირად ეხებოდა. ხალხი დაარწმუნა, რომ ბევრი მღვდელმთავარი ცოდვებშია ჩაფლული. მრევლმა ჩათვალა, რომ მათ მართალი, უშიშარი მოძღვარი ჰყავთ.

თეოლოგიური გადასახიდადენ რომ შევხედოთ, ვთვლი, რომ ახლადდანიშნულ მწყემსმთავარს რაღაც-რაღაცები შეეშალა, რაც არ უნდა მოსვლოდა, მეტი ორგანიზაციული მუშაობის გამოცდილება რომ ჰქონოდა. ეპისკოპოსი მარტო ის კი არ არის, რომ სწირავს და სასულიერო საქმიანობას ეწევა, ის დიდი ეპარქიის ხელმძღვანელია. ორგანიზაციული, მენეჯერული ნიჭი და ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი ჩასულია, რამდენიმე დღის მისული, ჯერ სიტუაცია უნდა გაეცნო, ხალხს შეხვედროდა და გასაუბრებოდა. უნდა შეიყვარო ეს ხალხი, რომ ამ ხალხმაც შეგიყვაროს, მერე დაიწყე ის, თუ ვინმეს მღვდლობას, დიაკვნობას უჩერებ. ორგანიზაციული თვალსაზრისით ეს შეცდომა იყო. მწყემსი რისთვისაა? თავის ცხვრებს რომ ჩაარტყას თავში, თუ მგლებისგან დაიცვას? ძალოვან სტრუქტურაში ხომ არ არის? ეს ხომ ეკლესიაა? ადამიანები გადაცვივდნენ აივნიდან, გამოდი, გადახედე, ეს ხომ შენს ტერიტორიაზე ხდება? შენ გამო ხდება. ჩადი, დაეხმარე, მიიყვანე საავადმყოფოში და იქ ილოცე მათთვის. სინამდვილეში რას ვხედავთ: ნახა, რა საშინელება ტრიალებდა, შებრუნდა უკან, დაიწყო ლოცვა, ჟურნალისტს თვალებში მისშტერებოდა, ლოცვა დაიწყო იმისათვის, რომ კითხვა არ დაესვათ. ამან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა. არც წინა მღვდელმთავარს ვამართლებ”, – განაცხადა ბარდაველიძემ.

ცნობისთვის, 2 დღის წინ მარტვილის (ჭყონდიდის) ეპარქიაში დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები. ეპარქიის წარმომადგენლებსა და მრევლის ნაწილს შორის დაპირისპირების მიზეზი ეპარქიაში ახლადდანიშნული მიტროპოლიტის, სტეფანეს მიერ ორი სასულიერო პირისთვის, კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურისთვის მღვდელმსახურების შეჩერება გახდა. შეხლა-შემოხლის დროს, ეპარქიის მეორე სართულზე ხის მოაჯირი ჩამოინგრა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი აივნიდან გადავარდა.
ეპარქიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.
„მეუფე სტეფანეს (კალაიჯიშვილი) სიტყვიერი და წერილობითი შეგონების მიუხედავად, ორმა დიაკონმა დემონასტრაციულად უარი განაცხადა მღვდელმთავართან თანამწირველობაზე, რაც არის საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევა; ამიტომაც, შესაბამისი საეკლესიო სასჯელი დაედოთ. პროტესტის ნიშნად, მათ და მათთან დაკავშირებულმა სასულიერო პირთა მცირე ჯგუფმა, აგრეთვე გარკვეულმა საერო პირებმა მღვდელმთავრის რეზიდენციის ეზოში თავი მოუყარეს მომხრეებს და უხეში ზეწოლით შეეცადნენ, ჩაეშალათ მეუფე სტეფანეს მიერ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მოწვეული საეპარქიო კრება.
ვაცხადებთ, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ეს შემთხვევა იყო დაგეგმილი პროვოკაცია, მიმართული ამ ეპარქიისა და, საერთოდ, საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ”, – აცხადებენ საპატრიარქოში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები