კობა ნაყოფია პროკურატურაში დაიბარეს
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, კობა ნაყოფია პროკურატურაში იმყოფება.
ნაყოფიას თქმით, 23 თებერვალს პარტიის ცენტრალურ ოფისში ნიკა მელიას დაკავებისას ინვენტარის დაზიანებასთან დაკავშირებით, მათი განცხადების საფუძველზე, გასაუბრებაზე დაიბარეს.
“ოფისის ე.წ. აღების პროცესში დაზიანდა ინვენტარი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, იქნა მოპარული სერვერები და ვიდეო ჩაწერების ბლოკი. ჩვენ მივმართეთ პროკურატურას, რომ დაიწყოს დაუყოვნებლივ გამოძიება ამ ფაქტზე. ამის შემდეგ დაგვიკავშირდნენ პროკურატურიდან, გვთხოვეს – რომ უნდათ ჩვენთან გასაუბრება დამატებითი ინფორმაციის მიწოდების კუთხით. ჩვენ მზად ვართ, რა თქმა უნდა, ყველანაირი დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ”, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.
შეგახსენებთ, 23 თებერვალს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებისას შსს-ს წარმომადგენლებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან სერვერები ამოიღეს. შსს-ს ცნობით, არსებობდა საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებითი ინფორმაციის განადგურების ან/და სამომავლოდ მოპოვებისთვის ხელის შეშლის საფრთხე. მათივე ცნობით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები სასამართლომ კანონიერად ცნო.