ვახტანგ მაისაია: თუ სააკაშვილი უკრაინაში საბოლოოდ ,,მოასრიალეს”, არ გამოვრიცხავ, რომ ,,ნაცმოძრაობაში” სასახლის კარის გადატრიალების მსგავსი რამ მოხდეს და პარტიას ჩამოაშორონ
“თუ სააკაშვილი უკრაინაში საბოლოოდ ,,მოასრიალეს”, მაშინ არ გამოვრიცხავ, რომ ,,ნაცმოძრაობაში” სასახლის კარის გადატრიალების მსგავსი რამ მოხდეს და სააკაშვილი პარტიას საბოლოოდ ჩამოაშორონ”, – ამის შესახებ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვახტანგ მაისაია გაზეთ ,,ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში საუბრობს.
მისი თქმით, სააკაშვილს უკრაინაში სერიოზული პრობლემები აქვს და თუ მისი პარტიისთვის დაფინანსების წყარო არ გამონახა, უმძიმეს სიტუაციაში ჩავარდება.
,,სააკაშვილმა ნიკანორ მელია ,,ფინთი გოიმივით” ააგდო, ციხეში თავით გაარჭო და ამით ორი კურდღელი დაიჭირა! მან მოახდინა პარტიიდან მელიას დროებითი დისტანცირება და სამუდამოდ დახურა საქართველოში თავისი დაბრუნების თემა, რომელიც დიდი ხანია, მოსვენებას უკარგავს. ახლა სააკაშვილს უკვე აქვს მიზეზი, განაცხადოს – სად ჩამოვიდე? ხომ ხედავთ, მელიას რა უქნეს და მე ხომ უარესს მიზამენ?! ვადამდელი არჩევნები ის თემაა, რაშიც სააკაშვილისა და ,,ქართული ოცნების” პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა… ვადამდელი არჩევნები, უპირველეს ყოვლისა, სააკაშვილს არ აწყობს, მაგრამ თავი ისე უჭირავს, თითქოს მხოლოდ ამაზე ფიქრობს. ეს ნაძირალა ახლა ორ სკამზე ზის და ორივე სკამი მაგრად ირყევა. თუ სააკაშვილი უკრაინაში საბოლოოდ ,,მოასრიალეს”, მაშინ არ გამოვრიცხავ, რომ ,,ნაცმოძრაობაში” სასახლის კარის გადატრიალების მსგავსი რამ მოხდეს და სააკაშვილი პარტიას საბოლოოდ ჩამოაშორონ. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რას იზამს პრეზიდენტი ზელენსკი და რა რეგისტრში აიყვანს სააკაშვილის დევნას.
ფაქტია, რომ უკრაინის პრეზიდენტი, რომელსაც სააკაშვილისა და პოროშენკოს დაპირისპირების ისტორია წინ უდევს, ძალიან ფრთხილად და ოსტატურად იქცევა – ის პირდაპირ კი არ დაეჯახა სააკაშვილს, არამედ გავლენები და საცეცები მოუსპო, დაუხშო ტრიბუნა და შეუწყვიტა პარტიის დაფინანსება! თუ სააკაშვილმა ფინანსების ალტერნატიული წყარო არ გამონახა, მაშინ ის უმძიმეს სიტუაციაში ჩავარდება, რადგან ვერ შეძლებს თავისი გაშარჟებული პარტიის – ,,ახალი რუხის” დაფინანსებას! ასეთ შემთხვევაში ის საქართველოსკენ ვეღარ გამოიხედავს და მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე იფიქრებს”, – აცხადებს ვახტანგ მაისაია.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ სააკაშვილს ურბანული დაგეგმარების სფეროში პრობლემური საკითხების გადაჭრის საკოორდინაციო საბჭოს წევრობა დაატოვებინეს. ზელენკიმ ამის შესახებ განკარგულებას ხელი 2021 წლის 4 მარტს მოაწერა და საბჭოში სააკაშვილის ნაცვლად გიორგი ცხაკაია დანიშნა, რომელის უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ექსპერტია.