ეკატერინე ტიკარაძე – ჩინური ვაქცინა არის ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული, არ გამოვრიცხავ, მასზე ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა იყოს საკმაოდ მაღალი

ვაქცინებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გვაქვს ჩინეთთან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ჩვენ ვიცით, რომ ჩინეთის ორი ვაქცინა მოლოდინის რეჟიმშია და ისინი ჯანმო-ს მხრიდან სულ მალე მიიღებენ ავტორიზაციას, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი გარანტი იქნება, რომ ეს ვაქცინები უსაფრთხო იქნება და საქართველო თავის მოქალაქეებს ხელმისაწვდომობის საშუალებას ჩინურ ვაქცინაზეც მისცემს. ჩვენ ვიცით, რომ ჩინური ვაქცინა არის ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული და არ გამოვრიცხავ, მასზე ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყოს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისი თქმით, მოლაპარაკებები დაწყებულია და მთავრობა საბოლოო გადაწყვეტილებებს ელოდება, რის შემდეგაც სამთავრობო ვიზიტი ჩინეთში, „მოდერნასთან“ დაკავშირებით გაიმართება და აქაც საიმედო პასუხის მოლოდინი არსებობს.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ შეიცვალა პოზიცია ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით, რადგან იანვრის ბოლოს, როცა თენგიზ ცერცვაძემ საქართველოში ჩინური ვაქცინის შემოტანის ალბათობა დაუშვა, მან თქვა, რომ ჩინური ვაქცინის მიღებას კატეგორიულად გამორიცხავდა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ თუ ჩინური ვაქცინა ჯანმო-ს მხრიდან ავტორიზაციას ვერ მიიღებს, ის საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოვა.

„მე ყოველთვის ვამბობდი და დღესაც ვამბობ, რომ საქართველოში შემოვა მხოლოდ მარეგულირებლის მხრიდან ავტორიზებული და აღიარებული ვაქცინა. მე იქ არ მქონდა განსაზღვრება, რომ ჩინურის გამო არ შემოვა. აქ მნიშვნელოვანი არის სანდოობა და ავტორიზაცია“, – განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ისრაელის სახელმწიფოსთანაც, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

„მნიშვნელოვანია ასევე ახალგამოჩენილი „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინა, რომელიც ერთდოზიანია და შეიძლება, ისიც საკმაოდ პოპულარული ვაქცინა გახდეს, ვინაიდან მას მყისიერი ეფექტი ექნება, რაც ხშირ შემთხვევაში, ადამიანთა არჩევანს განაპირობებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

შეკითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა „ნოვა ვაქსის“ ვაქცინას, რომელიც ასევე ავტორიზაციას ელოდება, ტიკარაძემ განაცხადა, რომ ყველა ვაქცინა, რომელიც ავტორიზაციას ელოდება, კომუნიკაციის პროცესშია და მათზე მოლაპარაკება მიმდინარეობს.

„ასევე იმ ვაქცინებზე, რომლებიც მოლაპარაკებებს არა მარტის და აპრილის თვეში, არამედ ივნისში და ივლისში ელოდება, ჩვენ დაჭერილი გვაქვს თადარიგი და შესაბამისად, ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები