ვახტანგ გომელაური: შსს-ზე იყო კიბერშეტევა, თუმცა, ვერ შემოაღწიეს, მოვიგერიეთ და ამისთვის უსაფრთხოების სამსახურს მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო

შს მინისტრმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კიბერუსაფრთხოების კუთხით გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

“კიბერუსაფრთხოება ძალიან პრობლემური თემაა და, კიდევ ერთხელ, რამდენიმე დეპუტატის კითხვა იყო ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა, ძალიან ძნელია, ეს მთელი მსოფლიოს გამოწვევაა. ეს არ არის მარტო საქართველოს პრობლემა და გამოწვევა. რამდენიმე ხნის წინ იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე კიბერშეტევა, თუმცა, მადლობა ღმერთს მოვიგერიეთ, ვერ შემოაღწიეს და ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის უსაფრთხოების სამსახურს და დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა ამ ტრიბუნიდან. ასეთ გარე შეტევებს სახელმწიფო უწყებებზე ზუსტად უსაფრთხოების სამსახური იგერიებს და მადლობა მინდა, ვუთხრა მათ”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების კითხვების საპასუხოდ.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ძალიან ბევრი გამოწვევაა.

“კიბერდანაშაული მზარდია, 24%-ით მოიმატა, თუმცა, სტატისტიკას რომ გადავხედოთ, ძალიან დიდი მატებაა. მაგალითად, დღეს თუ არის 500 ფაქტი კიბერდანაშაულის, პირობითად წელიწადში, 2006-ში, 2007-ში იყო 3, 8 და ასე შემდეგ. ეს ემატება ეტაპობრივად. იყო 80, შემდეგ გახდა 120, გახდა 200 და დარწმუნებული ვარ მომავალ წლებში კიდევ მოიმატებს”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მინისტრის თქმით, ეს ვითარება არა მხოლოდ საქართველოშია, საფრანგეთშიც, გერმანიაშიც, ამერიკაშიც და ყველა ქვეყანაში ხდება.

“მთავარია გახსნის მაჩვენებელი, ჩვენ რასაც უნდა მივყვეთ ჩვენს პარტნიორებს, რაზეც ძალიან გვერდში დგომა გვაქვს მათგან გამოძიების კუთხით, მაქსიმალურად იყოს გახსნილი დანაშაული და დამნაშავე იყოს დასჯილი. ეს არის ჩვენი პირველი პრინციპი, რომ ამ თემით მივყვეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და ამაზე გავამახვილოთ ყურადღება. უფრო მეტად მოხდეს გადამზადება ჩვენი გამომძიებლების, ეს ძალიან სპეციფიკურია. შეიძლება ძალიან მაგარი გამომძიებელი იყოს ვთქვათ მკვლელობის მიმართულებით, ყაჩაღობის, ქურდობის.. ეს საერთოდ სხვა თემაა, ტექნოლოგიებთან უნდა იყო კარგად გათვითცნობიერებული და ასე შემდეგ”, – განაცხადა გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები