ვახტანგ გომელაური: მელიას დაკავების ოპერაციისას არ ვიცოდით, რა მასშტაბის არეულობა შეიძლება, მომხდარიყო, დაზღვევის მიზნით პარტიის ოფისში შესული იყო შსს-ს, დაახლოებით, 200 თანამშრომელი

ვახტანგ გომელაური: ნიკა მელიას დაკავების ოპერაციისას არ ვიცოდით, რა მასშტაბის არეულობა შეიძლებოდა, მომხდარიყო, დაზღვევის მიზნით პარტიის ოფისში შესული იყო შს სამინისტროს, დაახლოებით, 200 ადამიანი
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტან გომელაურის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების დროს არ იყო ცნობილი, თუ რა მასშტაბის არეულობა შეიძლებოდა, მომხდარიყო და ამიტომ მოხდა შესაბამისი უწყებების მობილიზება. ამის შესახებ მან პარლამენტში „მინისტრის საათის“ მოსმენის ფარგლებში საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ განჩინებით დაგვევალა ნიკა მელიას დაკავება. დაკავების ოპერაციისას არ ვიცოდით, რა მასშტაბის არეულობა შეიძლებოდა, მომხდარიყო. დაზღვევის მიზნით, პარტიის ოფისში შესული იყო შს სამინისტროს, დაახლოებით, 200 ადამიანი.
ასევე, მობილიზებულნი იყვნენ მაშველები, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, ისინი ოფისში არ შესულან.
იყო საშიშროება, რომ ცეცხლი გაჩენილიყო და უბედურება დატრიალებულიყო, ამიტომ იყვნენ სახანძრო მანქანები. უშუალოდ შიგნით ბევრად ნაკლები პოლიციელი შევიდა, ვიდრე იქ ხალხი დაგვხვდა,“ – განაცხადა გომელაურმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის ოფისში 23 თებერვალს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები