მამუკა მდინარაძე: იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია მოახერხებს ერთი ნაბიჯის გადმოდგმას მაინც და ეს ნაბიჯი რაციონალური იქნება, ვფიქრობთ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ
“იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია მოახერხებს ერთი ნაბიჯის გადმოდგმას მაინც და ეს ნაბიჯი რაციონალური და ამავდროულად სახელმწიფოებრივიც იქნება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, შეთანხმების მისაღწევად გარკვეული ვადა არსებობს, თუმცა, ეს ვადა არ არის დათქმული.
„ჩვენ გვაქვს გარკვეული ვადა, ეს ვადა არ არის დათქმული, მაგრამ არსებობს პირობითი ვადა იმისთვის, რომ მხარეებმა შეთანხმება მოახერხონ. ჩვენ შეგვიძლია, მთელი რიგი გადადგმული ნაბიჯები დავასახელოთ, მათ შორის: საარჩევნო რეფორმა, საგამოძიებო კომისია, რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი იმ შემთხვევაში, თუ 1%-იან გადახრას მაინც ვინმე იპოვის „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ და ა.შ. ეს არ არის პატარა ჩამონათვალი, სამწუხაროდ, ჯერ არცერთი ნაბიჯი, მიუხედავად მათი განცხადებებისა, ჩვენ ოპოზიციისგან არ გვინახავს.
ჩვენ ველოდებით უახლოეს დღეებში, რომ ისინი ჩამოყალიბდებიან გარკვეულ საკითხებზე, რაც მათი მხრიდანაც კომპრომისად ჩაითვლება. იმ შემთხვევაში, თუ ისინი მოახერხებენ ერთი ნაბიჯის გადმოდგმას მაინც და ეს ნაბიჯი რაციონალური და ამავდროულად სახელმწიფოებრივიც იქნება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ“, – განაცხადა მდინარაძემ.