აშშ-მა საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული პრიორიტეტები დაასახელა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ამერიკელებს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკური მიმართულების სტრატეგიული პრიორიტეტები წარუდგინა.

როგორც დიპლომატმა განაცხადა, მნიშვნელოვანია აშშ-ის მონაწილეობა და ლიდერობა საერთაშორისო საქმეებში – “ამერიკას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გააერთიანოს ქვეყნები პრობლემების მოგვარების ირგვლივ – ისეთი პრობლემების, რომლებსაც ვერცერთი ქვეყანა მარტო ვერ მოაგვარებს”.

ბლინკენის თქმით, ქვეყნის 46-ე პრეზიდენტს მიაჩნია, რომ დღეს არსებული პრობლემების მოგვარების საუკეთესო გზა დიპლომატიაა, თუმცა, ამავდროულად, აუცილებელია სამხედრო სიძლიერის მხარდაჭერა.

ბლინკენის თქმით, აშშ-ის პირველი ამოცანაა პანდემიასთან ბრძოლა და ჯანდაცვის გლობალური სისტემის განმტკიცება, რაც მთავრობებს, მეცნიერებს, კომპანიებს, ასევე, მსოფლიოს მოსახლეობას შორის თანამშრომლობას მოითხოვს.

მეორე ამოცანაა ეკონომიკური კრიზისის დაძლევა და გაცილებით სტაბილური და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის აშენება. “აუცილებელია სწორი პოლიტიკური ინიციატივების გატარება ქვეყნის შიგნით, პარალელურად, გლობალურ ეკონომიკაზე გავლენის მოხდენა, რომ ის ამერიკელ ხალხზე კარგად აისახოს. და აქ არა მხოლოდ მშპ-ის ზრდას ვგულისხმობ, არამედ ვგულისხმობ კარგ სამუშაო ადგილებს, მაღალ შემოსავალსა და დაბალ კომუნალურ გადასახადებს”.

მესამე ამოცანა – დემოკრატიის აღდგენა, რომელიც საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. “გამოვიყენებთ საკუთარი მაგალითის ძალას. მოვუწოდებთ ქვეყნებს, საკვანძო რეფორმები გაატარონ, გააუქმონ ცუდი კანონები, შეებრძოლონ კორუფციას და აღმოფხვრან უსამართლო პრაქტიკები. ხელს შევუწყობთ დემოკრატიულ ქცევებს”.

მეოთხე ამოცანა – ჰუმანიტარული და ეფექტური საიმიგრაციო სისტემის შექმნა. “ეს არის ჩვენი ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი. უკანასკნელ წლებში გვავიწყდება ჩვენი ეს მხარე. აუცილებელია მისი დაბრუნება”.

მეხუთე ამოცანა – მოკავშირეებსა და პარტნიორებთან კავშირების აღდგენა, რაც “უნიკალური აქტივია”. “ამჟამინდელ პარტნიორობაში ტვირთი ყველამ უნდა აიღოს. ყველამ უნდა გააკეთოს საკუთარი შენატანი, არამხოლოდ ჩვენ”.

მეექვსე ამოცანა – კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა და მწვანე ენერგეტიკის განვითარებაა. “კლიმატური კრიზისი ყველა ჩვენგანს უქმნის საფრთხეს და ყოველთვიურად ის უფრო ძვირი გვიჯდება, ამ პრობლემას მარტო ვერ გადავწყვეტთ”.

მეშვიდე ამოცანა – ტექნოლოგიების სფეროში ლიდერის პოზიციების უზრუნველყოფა. ბლინკენის თქმით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტექნოლოგიების განვითარება, არამედ – ზრუნვა იმაზე, რომ მათ მსოფლიო ბევრად ჯანმრთელი და უსაფრთხო გახადონ, ასევე, დემოკრატიის განმტკიცებას შეუწყონ ხელი. გარდა ამისა, ტექნოლოგიების სფეროში აუცილებელია თავდაცვითი პოტენციალის უზრუნველყოფა.

მერვე ამოცანა – ჩინეთთან ურთიერთობა, რაც ბლინკენმა XXI საუკუნის მთავარ გეოპოლიტიკურ განსაცდელად დაასახელა. “ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა მძლავრი ეკონომიკური, დიპლომატიური, სამხედრო და ტექნოლოგიური რესურსით, რომელსაც შეუძლია, გახდეს გამოწვევა სტაბილური და ღია საერთაშორისო სისტემისთვის”.

“ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობა იქნება კონკურენტული, როცა საჭიროა; თანამშრომლური, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება და მტრული, როდესაც ეს აუცილებელი იქნება. და ჩინეთთან პოზიციის ძალით გვექნება ურთიერთობა”, – თქვა მან.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები