მევლუთ ჩავუშოღლუ: მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების ჩათვლით

“რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რა თქმა უნდა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების ჩათვლით”, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე ისაუბრა.

ჩავუშოღლუმ ყურადღება გაამახვილა სავაჭრო ურთიერთობებზეც.

„მოხარულები ვართ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს ვმასპინძლობთ. საქართველოში მცირე ხნის წინ ახალი მთავრობა შეიქმნა და ბატონი დავითი ხელახლა დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად, ვულოცავთ მას. ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოსთან ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 100 წლის იუბილეს და დღეს  ჩემს მეგობარ დავითთან ვისაუბრეთ, კიდევ როგორ უნდა განვავითაროთ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები. ასევე, დავიწყეთ უმაღლესი დონის სტრატეგიული მესამე შეხვედრის მოსამზადებელი სამუშაოები. აგრეთვე, კარგად ვითარდება ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები. დიდი ხანია, თურქეთი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. ჩვენ შორის სავაჭრო მოცულობა 1,8 მილიარდ დოლარს შეადგენს, მაგრამ კიდევ უფრო უნდა განვავითაროთ, ჩვენი მიზანია, ეს რიცხვი 3 მილიარდ დოლარამდე გავზარდოთ. დღეს ჩვენ განვიხილეთ ის ნაბიჯები, რისი გადადგმაც შეგვიძლია პანდემიის შემდგომ პერიოდში. ჩვენი მრავალი კომპანია საქართველოში ძალიან დიდ ინვესტიციებს ახორციელებს. ამ ურთიერთოების განვითარებასთან ერთად, ასევე უნდა გადავხედოთ ამ ურთიერთობების იურიდიულ საფუძვლებს და მეტად განვავითაროთ“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

მისი განმარტებით, აგრეთვე განიხილეს უსაფრთხოების საკითხები, ისაუბრეს „მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ რეგიონში სტაბილურობის დამყარების გზებზე“.

„ასევე, განვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები, ვისაუბრეთ მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ რეგიონში სტაბილურობის დამყარების ნაბიჯებსა და გზებზე. როგორც მოგეხსენებათ, დღის წესრიგში დადგა ასეთი წინადადება, 3+3 ფორმატი, საქართველოს აქვს დიდი რეზერვი და ჩვენ უნდა განვავითაროთ საქართველოსთან ურთიერთობა. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სამმხრივ თანამშრომლობას საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანს შორის. ასევე, განვიხილეთ ბაქო-თბილისი ყარსი, ბაქო-თბილისი ერზრუმის სტრატეგიული პროექტები, აგრეთვე თანამშრომლობა არა მარტო ჩვენ შორის, არამედ – რეგიონისა და შუა აზიის ქვეყნებს შორისაც. რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საბოლოო მშვიდობის დამყარებისთვის ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. როგორც მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რა თქმა უნდა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების ჩათვლით. დღეს განვიხილეთ არა მარტო ჩვენს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა, არამედ ვისაუბრეთ გლობალურ საკითხებზეც“, – აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

წყარო: 1tv.ge

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები