ვან-გოგის პეიზაჟს, რომელიც ასი წლის განმავლობაში კერძო ოფისში ეკიდა, 25 მარტს პარიზის „სოთბის“ აუქციონზე გაიტანენ

„მონმარტრის ქუჩის სცენა“ (1887)

ვან-გოგის ამ უცნობ პეიზაჟს, რომელსაც „მონმარტრის ქუჩის სცენა” ჰქვია (Scene de Rue a Montmartre), წლეულს პირველად გაეცნობა ფართო აუდიტორია. ის 1920 წელს შეიძინა ერთმა პარიზულმა ოჯახმა და ასი წლის განმავლობაში საკუთარ ოფისში იცავდნენ. გამოსაფენად ის არასოდეს უთხოვებიათ რომელიმე მუზეუმისთვის. მისი არსებობის შესახენ მხოლოდ კატალოგებში დაბეჭდილი იმიჯებით უწყოდა საზოგადოებამ.

„მონმარტრის ქუჩის სცენა“ (1887)

პეიზაჟი 1887 წლის ზაფხულში არის შესრულებული და მონმარტრის მაღლობის იმ ადგილს ასახავს, რომლის შორიახლოსაც მხატვარი თავის ძმასთან, თეოსთან ერთად, 1886 წლიდან 1888 წლის თებერვლმდე ცხოვრობდა.

„ალისკამპსის პეიზაჟი“ (1888)

როგორც ამ ლანდშაფტიდან ჩანს, დღეს ასერიგად პოპულარული ადგილი იმხანად ნახევრად სოფელი ყოფილა, სადაც ადგილობრივი ადამიანები აუჩქარებლად, ნება-ნება გადაადგილდებიან. ხის ღობეებს მიღმა კი ქარის წისქვილი და ბაღი მოჩანს, სადაც მოსახვედრად მწვანე ბოძებით მონიშნული ჭიშკარი უნდა შეაღო. ამ ქარის წისქვილს 1911 წლამდე უარსებია. ახლა აქ “Sacre-Coeur”-ი, მონმარტრის მთავარი არქიტექტურული სამკაული წამომართულა, რომლის მშენებლობა 1914 წელს დასრულდა. ძნელად წარმოსადგენია, დღეს პარიზის ყველაზე პოპულარული უბანი თუ ასეთი პასტორალური სიმყუდროვით ხასიათდებოდა 133 წლის წინათ.
ეს ტილო ნიდერლანდელი მხატვრის შემოქმედებითი კარიერის ძალიან მნიშვნელოვან პერიოდს ასახავს, როცა მან თავის სურათებში, ხელგაწაფული იმპრესიონისტების მონეს და პისაროს კვადაკვალ, პარიზული სინათლე მოიხელთა, მზე კი მერე, საფრანგეთის სამხრეთით აღმოაჩინა!
„მონმარტრის ქუჩის სცენას”, პარიზის „სოთბიზე” გატანამდე მცირე ხნით ამსტერდამში, ლონდონსა და ჰონგ-კონგში ამოგზაურებენ. დღეს და ხვალ ამ იშვიათ ტილოს მისი მშობლიური ნიდერლანდელი დამთვალიერებელი იხილავს, მერე კი მცირე ხნით ლონდონისა და ჰონგ-კონგის საზოგადოება გაეცნობა.

„ნატურმორტი ყავადნით” (1888)

ამბობენ, რომ უდიდესია ინტერესი ვან-გოგის ამ „უეცრად გამოვარდნილი” საგანძურის დასაუფლებლად. საწყისი ფასად პარიზის „სოთბი“ 5-დან 8 მილიონამდე ევროს აწესებს… ვნახოთ, რა შედეგით დამთავრდება 25 მარტს შეძენის მსურველთა ეს მძიმე მარათონი?!
რა დიდებულია, რომ ვან-გოგის თითქმის მიუწვდომელი ნამუშევარი გამოდის მზის სინათლეზე და უფრო მეტ ადამიანს ეძლევა მისი ორიგინალში ნახვის შესაძლებლობა.
ვან-გოგის იშვიათ ტილოებზე როცა ვსაუბრობ, გამახსენდა კიდევ სამი სურათი ამავე მხატვრისა, რომლებიც ასევე მთელი საუკუნის განმავლობაში იყო დაფარული საჯარო თვალისთვის. ისინი ძალიან დიდხანს უმდიდრესი ბერძნული ოჯახის კერძო საკუთრებაში რჩებოდა…

„ზეთისხილის კრეფა” (1889)

მხოლოდ 2019 წლის მიწურულს გახდა ხელმისაწვდომი მათი გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის.
მხედველობაში მაქვს ბასილ და ელიზე გოულანდრისების თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ათენში, რომლის მუდმივ ექსპოზიციაში წარმოდგენილი ვან-გოგის სამი შედევრი: „ალისკამპსის პეიზაჟი (1888), „ნატურმორტი ყავადნით” (1888) და „ზეთისხილის კრეფა” (1889) უმალ დაიპყობს თქვენს გულისყურს.
თუკი ამ მარადიულ ქალაქში მოხვდებით, აუცილებლად ეწვიეთ აღნიშნულ მუზეუმს. გაოცდით მითიური გოულანდრისების ფილანტროპიით და რაც მთავარია, ასობით შედევრით, რაც ამ უკეთილშობილეს წყვილს მთელი შეგნებული ცხოვრება რუდუნებით უგროვებია, რათა საბოლოოდ ბერძენი ერისთვის ეძღვნათ უსაზღვრო სიყვარულისა და მოწიწების ნიშნად.                               

                                                                                           გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები