ნიკოლოზ მეტრეველი: პარტიები, რომლებსაც მხოლოდ საკუთარ საძინებლებში აქვთ გაკრული საარჩევნო ბანერები, თავს აჯერებენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები ,,გაუყალბა“

შეძლებს თუ არა ხელისუფლება ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებას 2 კვირის განმავლობაში. თუ მთავარ საკითხზე მოლაპარაკება მაინც ვერ შედგა, როგორ გაგრძელდება პოლიტიკური პროცესები საქართველოში – ,,კვირა“ პოლიტიკურ ექსპერტს, ნიკოლოზ მეტრეველს ესაუბრა:

-შარლ მიშელთან გამართული დიალოგის შემდეგ პოლიტიკური მხარეები მთელი დღეა, ურთიერთგამომრიცხავ კომენტარებს აკეთებენ.

-ვუსმენ ოპოზიციური პარტიების ლიდერების განცხადებებს და მიკვირს. აღმოჩნდა, რომ არავითარი პლებისციტის თემაზეც კი არ არიან თანახმა, მათ მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნები დააკმაყოფილებთ. საინტერესოა, ვინ აკეთებს ასეთ განცხადებებს ,,გაერთიანებული ოპოზიციის“ სახელით? ეკა ბესელია, ნინო ბურჯანაძე და სხვები, რომლებსაც მხოლოდ საკუთარ საძინებლებში აქვთ გაკრული საარჩევნო ბანერი და თავს იჯერებენ, რომ ხელისუფლებამ მათ არჩევნები ,,გაუყალბა.“ ვისი სახელით ლაპარაკობენ ეს ადამიანები? გაერთიანებულ ოპოზიციად შეიძლება, მოვიაზროთ მხოლოდ არჩევნებში ბარიერგადალახული პარტიები, ,,ნაციონალური მოძრაობა“, ,,ლელო“ და ,,სტრატეგია აღმაშენებელი“. დანარჩენი მარგინალები, რომლებიც ახლა ,,ნაციონალური მოძრაობის“ ფრთისქვეშ ცდილობენ შეფარებასა და პოლიტიკურ გადარჩენას, უკვე დიდი ხანია, დაასრულა ქართველმა ხალხმა.

-შარლ მიშელთან გამართულ შეხვედრაზე რიგგარეშე არჩევნების თემა განხილული არ ყოფილა?

-არავითარ რიგგარეშე არჩევნებსა და მის მოთხოვნაზე საუბარი არ ყოფილა. განიხილეს პროკურატურისა და სასამართლოს რეფორმირების საკითხები. ჩემთვის, მაგალითად, სრულიად გაუგებარია, რატომ არ იძიებს პროკურატურა აფრასიძეების მკვლელობისა და მათი ოჯახის დარბევის საქმეს. რას იტყვის საჯარო კლოუნი, შალვა ნათელაშვილი და რა შეფასებას მისცემს მოპალარაკებათა პროცესს, ეს არც დასავლეთში და არც საქართველოში არავის აინტერესებს.

-მოახერხებენ მხარეები 2 კვირის ვადაში შეთანხმების მიღწევას?

-არ ვთვლი, რომ 2 კვირაში სერიოზული შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახდება. ვერც პლებისციტის თემა იქნება წყალგამყოფი მხარეებს შორის. ქვეყანაში მუშაობს ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, 31 ოქტომბრის შემდეგ პარლამენტმა მოახერხა ორი პრემიერმინისტრისა და ბიუჯეტის დამტკიცება. სირთულეების მიუხედავად, წინ მივდივართ. ასე რომ, ვინც სააკაშვილის ხაფანგს თავს ვერ დააღწევს და პარლამენტში არ შევა, ქართულ პოლიტიკას საბოლოოდ ჩამოშორდება.

ია დანელია

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები