მაია ბითაძე: სამშენებლო ამნისტიის კანონპროექტის მიღების შემდეგ ათიათასობით თბილისელი ყველა იმ სერვისით ისარგებლებს, რომელიც ასი პროცენტით მუნიციპალიტეტის მხრიდან ფინანსდება

„საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც თბილისის მერიის ავტორობით შემუშავდა და რომლის განხილვასაც მიმდინარე კვირაში პარლამენტი იწყებს, ე.წ. სამშენებლო ამნისტიის კანონპროექტია, რომელიც პასუხია იმ პრობლემებზე, რაც ათიათასობით თბილისელს ათწლეულობის განმავლობაში აწუხებს. ეს არის ექსპლუატაციაში ვერმიღებული საცხოვრებელი სახლები, სადაც ადამიანებს უწევთ ცხოვრება და აქვთ რეალური პრობლემები, მათ შორის, იმ სერვისების ვერმიღებასთან დაკავშირებით, რასაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში თბილისის მერია ასი პროცენტით აფინანსებს”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მისივე თქმით, სამწუხაროდ, 2009 წელს განხორციელებულმა გარკვეულმა დერეგულაციებმა საშუალება მისცა დეველოპერებს, რომ მშენებარე ბინებში საცხოვრებლად შეეშვათ ადამიანები და ძალიან ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც მშენებლობები ხორციელდებოდა მშენებლობის ნებართვის პირობების დარღვევით, მათ შორის, ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში გაყვანილი იყო ელექტრომომარაგება და უზრუნველყოფილი იყო გაზმომარაგება, რის გამოც არაერთი ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, მათ შორის, თბილისში და დაიღუპნენ ადამიანები. „შესაბამისად, ამ კანონპროექტის მიზანია, არა მხოლოდ უსაფრთხოების წესების დაცვით უზრუნველყოს ექსპლუატაციაში მიღება მცირე სამშენებლო პირობების დარღვევით შენობების, არამედ, კანონპროექტის პაკეტის თანახმად, მკაცრდება გარკვეული ვალდებულებები სამომავლოდ და ახალგაცემული მშენებლობის ნებართვის ფარგლებში აღარ იქნება შესაძლებელი გარკვეული კომუნალური მომსახურეობის მიღება. სწორედ ეს არის ის მოდგომა, რომელსაც ჩვენი გუნდი აყალიბებს, რომ ერთი მხრივ გათვალისწინებული იქნეს ათიათასობით თბილისელის სოციალური პრობლემა, ხოლო მეორე მხრივ გამკაცრდეს კანონმდებლობა იმდაგვარად, რომ ამგვარი შემთხვევები საკანონმდებლო პაკეტის დამტკიცების შემდგომი აღარასდროს დადგეს ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ.

როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა,  მიუხედავად იმისა, რომ გასული წლების განმავლობაში სამშენებლო სექტორში არაერთი ცვლილება განხორციელდა, კვლავ რჩება საკითხები, რომლებიც დარეგულირებას საჭიროებს. „მიუხედავად იმისა, რომ თბილისში უკვე აიკრძალა ქაოტური მშენებლობები, აიკრძალა კოეფიციენტების გაყიდვა, რაც ერთი ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, კვლავ რჩება საკითხები, რომელიც დასარეგულირებელია და რისი ერთი ნათელი მაგალითი იქნება ის საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც ჩვენ ახლა განვიხილავთ. ცვლილებების მიღების შემდეგ ათიათასობით თბილისელი ისარგებლებს ყველა იმ სერვისით, რომელიც ასი პროცენტით ფინანსდება მუნიციპალიტეტის მხრიდან”, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები