პარლამენტის პლენარული სხდომის პოლიტიკური განცხადებების ნაწილში ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ყურადღება გაამახვილა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ოპოზიციის გუშინდელ შეხვედრაზე. „ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით, რისთვისაც მას კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ, ოპოზიციასთან გუშინ საღამოს შედგა ძალიან კარგი და კონსტრუქციული საუბარი, რომელიც შეეხებოდა მოლაპარაკების ახალი ეტაპის გახსნას და რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას. მოლაპარაკების შედეგი უნდა იყოს ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმება, მათი შემოსვლა პარლამენტში და 2024 წლამდე მონაწილეობა იმ გამოწვევებთან ბრძოლაში, რომელიც აწუხებს ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას, ასევე პასუხისმგებლობის გაზიარება აღნიშნულ საკითხებზე. გუშინ ჩვენ ვნახეთ ამ შეხვედრიდან გამოსული ოპოზიცია, რომელიც ახმოვანებდა გარკვეულ მესიჯებს, თუმცა დღეს უკვე საზოგადოებამ გაიგო, რომ წარმოდგენილი იყო კომპილაციის შედეგად შექმნილი დოკუმენტი, სადაც მათ მიერ ისედაც მოლაპარაკებათა მაგიდაზე დადებული გარკვეული საკითხები იყო ჩაწერილი, თუმცა კონკრეტული შეთანხმება და, მით უმეტეს, ხელმოწერა რაიმე დოკუმენტზე ან საკითხზე, არ ყოფილა. საუბარია მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებათა ახალი ეტაპის გახსნაზე. გუშინდელი დღიდან მოყოლებული, ამ მოკლე პერიოდში, მათ უკვე შეძლეს ერთი მთავარი პირობის დარღვევა, ასე დავარქვათ, კონსტრუქციულობის შესახებ. ვხედავთ, რომ აქვთ პარლამენტის პიკეტირების და პროვოკაციების მცდელობა ჩვენს ოპონენტებს. ეს იმას ნიშნავს , რომ ისინი რეალურად, დღეს, ყოველ შემთხვევაში, ამ წუთის მდგომარეობით, არ არიან მზად მოლაპარაკებისთვის. შესაბამისად , ჩვენ ვალდებულები ვართ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, რომ დაუბრუნდნენ კონსტრუქციულობის ჩარჩოს, რათა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მოწოდება და მისი მედიაცია არ დარჩეს შედეგის მიღმა და ამ პროცესმა პირველ რიგში არ დააზიანოს მოლაპარაკების საბოლოო შედეგი და სახელმწიფოებრივი ინტერესები. ამ ყველაფრის მიუხედავად, მათი ქცევების მიუხედავად, ჩვენ ვიმსჯელებთ ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ოდნავ მაინც შეიძლება იყოს პრაგმატული, რაციონალური და გამომდინარეობდეს საზოგადოებრივი ინტერესებიდან. მოლაპარაკების პროცესში აგრეთვე უნდა ჩამოყალიბდეს იმ საკითხთა ნუსხა, რომელზეც შეიძლება შეთანხმება რეალურად შედგეს. გუშინდელი დღის მიუხედავად, ამ ეტაპზე, ჩვენ ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენლისგან რაიმე სახის კომპრომისული წინადადება, მათი უამრავი განცხადების მიუხედავად, თუნდაც ერთი გადმოდგმული ნაბიჯი საერთო კონსესუსის მისაღწევად, არ გვინახავს. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით მათ პოზიციას ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. მათ ჰქონდათ საუბარი კომპილაციაზე, რის შედეგადაც დაიდო გარკვეული ჩამონათვალი. ძალიან ცუდად სპეკულირებენ ამ თემით, ქმნიან არასწორ მოლოდინებს, რაც არ გამომდინარეობს გუშინდელი შეთანხმების არც ფორმატიდან და არც შინაარსიდან. საზოგადოებისთვის მინდა განვმარტო: იქ იყო საკითხები, რაც უკვე აღსრულების და შესრულების პროცესშია. იქ, ასევე, არის მითითებული საკითხები, რომელზეც შეუძლებელია შეთანხმება და არის საკითხები, რომელზეც, რა თქმა უნდა, მსჯელობა შეიძლება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ მოლაპარაკებათა ახალ ეტაპზე და ყველა მხარეს გვმართებს კონსტრუქციულობა და მუშაობა საინტერესოდ, ნაბიჯების გადადგმა საინტერესოდ, რომ საბოლოო ჯამში, ეს ახალი ეტაპი დასრულდეს კონკრეტული პოზიტიური შედეგით პირველ რიგში ქვეყნისათვის და არა რომელიმე პარტიისათვის. პარტიებმა უნდა გადადგან პოზიციების დასაახლოებლად ერთმანეთისკენ ნაბიჯები. ამ პროცესში ველოდებით მათ წინადადებას”, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.