2 მარტი გიორგი ალექსი-მესხიშვილის დაბადების დღეა

რუსთაველის თეატრი გიორგი ალექსი-მესხიშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს.
გიორგი ალექსი-მესხიშვილი დაიბადა 1941 წლის 2 მარტს, თბილისში, არქიტექტორების ოჯახში. 1975 წლიდან იყო რუსთაველის თეატრისა და სახელმწიფო ოპერის მთავარი მხატვარი. მან შექმნა დეკორაციები და კოსტიუმები ასობით წარმოდგენისთვის მთელს მსოფლიოში.
„მისი ნამუშევრები წარმოდგენილია ისეთ სცენებზე, როგორებიცაა: ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ ოპერა“, მოსკოვის „დიდი თეატრი“, მოსკოვის სამხატვრო თეატრი, ვენეციის „ლა ფენიჩე“, ბოლონიის „ტეატრო კომუნალე“, მიუნჰენის „ბავარიის სახელმწიფო ოპერა“, თეატრი „სანტა მარინი“ ბუენოს აირესში, კიროვის ოპერა, დიუსელდორფის დრამატული თეატრი, ბორდოს ნაციონალური ოპერა, პარიზის „შატლე“, ისრაელის ნაციონალური თეატრი „ჰაბიმა“, შექსპირის თეატრი ვაშინგტონში, ვაშინგტონის „სინეტიკ თეატრი“, ჰელსინკის „ფინეთის ეროვნული თეატრი“, რიგის „ლატვიის სახელმწიფო თეატრი“, მოსკოვის „პუშკინის თეატრი“, მოსკოვის „ვახტანგოვის თეატრი“, მოსკოვის „რაიკინის თეატრი“, ნოვოსიბირსკის „ოპერისა და ბალეტის თეატრი“, „ამერიკის სარეპერტუარო თეატრი“ ჰარვარდში და სხვა.
იგი მრავალი ჯილდოსა და სიგელის მფლობელია:
საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია (1979წ.); ზედიზედ სამი ჯილდო „წლის საუკეთესო ნამუშევრებისათვის“ (1985-1987წწ.); „საუკეთესო წარმოდგენა“ ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალზე „დონ ჟუანი“ (1988წ.); პარიზი „ფელიქსი“, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე სერგო ფარაჯანოვის ფილმის „აშიკ-კერიბის“ მხატვრული გაფორმებისათვის (1989წ.); „კრიტიკოსთა ჯილდო ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალზე – „ზაფხულის ღამის სიზმარი“ (1994წ.); საქართველო, თბილისი „წლის საუკეთესო სცენოგრაფიული ნამუშევარი“ კარლო გოცის „ქალი გველი“ (1998წ.); „ელენ ჰაიესის პრიზი“ საუკეთესო წარმოდგენისთვის – ვაშინგტონი, სინეტიკ თეატრი „ჰამლეტი – სიჩუმე მხოლოდ“ (2003წ.).
გიორგი ალექსი-მესხიშვილი არის რუსეთის სახელმწიფო ხელოვნების აკადემიის საპატიო წევრი, თბილისის საპატიო მოქალაქე. მისი ფერწერა, კოლაჟები და თეატრალური ესკიზები წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა გალერეაში, მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში.
1999 წელს მან წარადგინა საქართველოს რესპუბლიკა ვენეციის ბიენალეზე.
1996 წლიდან იყო მიწვეული პროფესორი ამერიკის შეერთებულ შტატებში დარტმუტ კოლეჯში და მიღებული აქვს „კოლეჯის საუკეთესო პედაგოგის ჯილდო“ (2003წ.).
მისი ბოლო წლების პროექტებია: ლონდონში რივერსაიდ სტუდიოსათვის „ჰამლეტი“, „სამი და“, პროკოფიევის „ მოთამაშე“, ბერლიოზის „ბენვენუტო ჩელინი“ მეტროპოლიტენ ოპერისთვის, ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“ ვაშინგტონის სინეტიკ თეატრისათვის, ჩაიკოვსკის „მაზეპა“ მოსკოვის დიდი თეატრისათვის, შოსტაკოვიჩის „ცხვირი“ ბარდ კოლეჯის ფესტივალისთვის, მაქს ფრიშის „ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი“ რუსთაველის თეატრისათვის (2009წ.), შექსპირის „ქარიშხალი“ მოსკოვის თეატრისათვის „Et Cetera” (2010წ.), ფ. გარსია ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი“ ბდტ სანკტ-პეტერბურგის დიდი დრამატული თეატრისათვის (2011წ.), შექსპირის „შეცდომათა კომედია“ მოსკოვის თეატრისათვის „Et Cetera” (2013წ.), ჟორდი გალსერანის „გრონჰოლმის მეთოდი“ მარჯანიშვილის თეატრი (2013წ.), ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ თბილისის ოპერის თეატრში.
გიორგი ალექსი-მესხიშვილის ნამუშევართა გამოფენები მოეწყო სანკტ-პეტერბურგის, მოსკოვის, გერმანიის, ჩილეს, საფრანგეთის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო თეატრალურ მუზეუმებში.
2009 წელს იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს ექსპოზიციას ვენეციის ბიენალეზე.
2011 წელს გიორგი ალექსი-მესხიშვილმა წარადგინა საქართველო პრაღის კვადრინალეზე.
2014 წელს დააარსა რუსთაველის თეატრი – გოგი მესხიშვილის თანამედროვე დიზაინის სკოლა.
2016 წელს – ლათინური FIAC პარიზი – ინსტალაცია.
2016 წელს – პერსონალური გამოფენა საქართველოს ეროვნულ გალერეაში.
2017 წელს – „პეტრე ოცხელის პრემია“.
2018 წელს – პრემია „საუკუნის სახელი“.
2018 წელს – „შოთა რუსთაველის სახელობის პრემია“.
გოგოი ალექსი-მესხიშვილი არის თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს სახალხო მხატვარი და რუსეთის ხელოვნების აკადემიის საპატიო წევრი.
2019 წელს გიორგი ალექსი-მესხიშვილის თანამედროვე თეატრალური მხატვრობის სკოლის სტუდენტებმა პრაღის კვარდინალეზე მთავარი პრიზი მოიპოვეს“, – ნათქვამია რუსთაველის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები