„თავისუფლად შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ აპრილიდან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პოზიტიური მიმართულებით გვექნება“ – ეკონომისტი ოთარ ანგურიძე

“ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის გეგმა იმედისმომცემია, თავისუფლად შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ აპრილიდან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პოზიტიური მიმართულებით გვექნება”, – ამის შესახებ ეკონომისტმა, ოთარ ანგურიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ანგურიძემ კოვიდშეზღუდვების მოხსნის გეგმა შეაფასა, რომელიც მთავრობამ წარადგინა.

„ნამდვილად იმედისმომცემია ის ყოველდღიური სტატისტიკა, რომელსაც ვირუსით ინფიცირებასთან დაკავშირებით ჩვენი ეპიდემიოლოგიური სამსახური ავრცელებს. ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც დაინფიცირებულთა რაოდენობის, ისე ვირუსით გამოწვეული ფატალური შემთხვევების მხრივ კლების ტენდეციაა. შესამაბისამდ, რეგულაციების შემცირება, რაც პანდემიის გავრცელების ტენდენციას ახლავს, რა თქმა უნდა, ხაზგასასმელი და აღსანიშნავია. მით უმეტეს, რომ ვართ ისეთი ქვეყანა, რომელიც რეგიონში გამორჩულია. ვნახეთ, რომ პირველი ტალღის დროს ყველაზე დიდი შემოტევა სწორედ ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე იყო. თუმცა, მეორე ტალღის პერიოდში ჩვენც გაგვიჭირდა და მკაცრი შეზღუდვების პირობებში მივიღეთ ის შედეგი, რაც გვაქვს. ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ვნახეთ იანვრის თვის მონაცემები. თქმა იმისა, ეს შეზღუდვები რომ არ ყოფილიყო, დადებითი ეკონომიკური ზრდა გვექნებოდა, რა თქმა უნდა, სწორი არ არის. ჩვენ არ ვიცით, ამ შეზღუდვების არდაწესების პირობებში ის სურათი, რაც დღეს გვაქვს, რა ფორმით შეიცვლებოდა, კონკრეტულად რომელი სექტორებს დაარტყამდა.

ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის გეგმა, რაც დღეს გვაქვს წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, იმედისმომცემია იმ თვალსაზირისით, რომ ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია, ვივარაუდოთ – აპრილიდან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პოზიტიური მიმართულებით გვექნება. მით უმეტეს, ვნახეთ, რომ წინა კვირას Standard and Poor’s -მა გამოაქვეყნა თავისი ანგარიში, რომლის მიხედვითაც ის პროგნოზირებს, რომ საქართველოში 2021 წელს 4 %-იანი ეკონომიკური ზრდა იქნება.

თუ ვირუსის გავრცელების კლების თვალსაზრისით ქვეყანაში ტენდენცია შენარჩუნდა და აპრილიდან, პრაქტიკულად, ყველაფერი გაიხსნა, რაც დაანონსებულია, ვფიქრობ, აპრილის შუა რიცხვებიდან, მაისიდან ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით თავისუფლად შესაძლებელია, რომ დადებითი ტენდენცია იყოს დაფიქსირებული. მით უმეტეს, შემდეგ ზაფხული, ტურისტული სეზონი მოდის. ესეც, რა თქმა უნდა, ამ პროცესის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ოთარ ანგურიძემ.

შეგახსნებთ, დღეიდან კოვიდრეგულაციების მოხნის კიდევ ერთი ეტაპი დაიწყო.

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რეგულაციების შემსუბუქების გეგმა შემდეგია:

რესტორნებს შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ, შაბათ-კვირის გარდა, ბათუმში – 1-ელი მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში – 8 მარტიდან.
სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები გაიხსნება 8 მარტიდან.
კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება 1-ელი მარტიდან.
სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ 15 მარტიდან განსაზღვრული რეგულაციების დაცვით; სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ 1 -ელი მარტიდან 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით.
უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენასა და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ 1-ელი მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას – 15 მარტიდან.
სასკოლო წრეები ასევე განახლდება 15 მარტიდან.
მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ პირველი მარტიდან;
თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციებისა და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) პირველი აპრილიდან;
არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ 8 მარტიდან.

ამასთან, 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ძალაში რჩება.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები