მოკლული რუსი ჟურნალისტების ოჯახები – „ეს იქნება მკვლელებისა და თავად ევგენი პრიგოჟინის მონუმენტი“ 

 პუტინის „პირადმა მზარეულმა“, ევგენი პრიგოჟინმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მოკლული რუსი ჟურნალისტებისთვის მონუმენტის დადგმა გადაწყვიტა.

„ვაგნერის“ ბინძური საქმეების გამოძიებას შეწირული ჟურნალისტების ოჯახის წევრებმა პრიგოჟინის ინიციატივას “დაცინვა” უწოდეს. მათ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკისა და რუსეთის პრეზიდენტებს, ასევე, რუსეთის სპეციალურ საგამოძიებო კომისიას ოფიციალური წერილით მიმართეს – „სანამ ნამდვილი დამნაშავეები არ დაისჯებიან, მონუმენტის აღმართვაზე ლაპარაკი ზედმეტია. ეს იქნება მკვლელებისა და თავად ევგენი პრიგოჟინის მონუმენტი.“

ყველამ იცის, რომ ევგენი პრიგოჟინი კრიმინალური წარსულის მქონე ბიზნესმენია, რომელიც წლების განმავლობაში სამართალდამცავი ორგანოების სურსათით მოსამარაგებლად სახელმწიფო კონტრაქტებს იღებდა და  მდიდრდებოდა. მას ეკუთვნის  „ტროლების ფაბრიკაც“, რომელსაც დიდი ბრიტანეთის 2016 წლის რეფერენდუმში ჩარევაში ადანაშაულებენ. რეფერენდუმს 21-ე საუკუნის ევროპისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი – ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა უნდა გადაეწყვიტა. რა გასაკვირია, რომ ვლადიმერ პუტინი, როგორც ევრო-ატლანტიკური ერთობის ნომერ პირველი მტერი, „პირადი მზარეულის“ ხელით პროცესებზე გავლენის მოხდენას ცდილობდა.

პრიგოჟინი აფინანსებს კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერსაც“, რომელიც დაქირავებულ მებრძოლებს სირიაში, ლიბიაში, უკრაინაში, სუდანსა და ცარ-ში გზავნის. მებრძოლები იბრძვიან რუსეთისთვის და კრემლის სახელით, მაგრამ ისე, თითქოს, საერთოდაც არაფერი აკავშირებთ ოფიციალურ მოსკოვთან. სწორედ „ვაგნერის“ საქმიანობის გამოსაძიებლად ჩავიდნენ რუსი ჟურნალისტები: ორხან ჯემალი, ალექსანდრ რასტორგუევი და კირილ რადჩენკო ცარ-ში, სადაც ისინი გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს.

რუსეთის მოქალაქეები ცარ-ის დედაქალაქ ბანგიში 2018 წლის 28 ივლისს ჩაფრინდნენ. მათ ცარ-ის თავდაცვის სამინისტროს აკრედიტაცია არ ჰქონდათ, ამიტომაც, ბერენგოს სამხედრო ბაზაზე შეღწევა ვერ მოახერხეს. არადა, „ვაგნერი“ ცარ-ის ეროვნულ არმიას ამ ბაზაზე წვრთნიდა. ამის შემდეგ, ჯგუფი შეეცადა, ქალაქ ბამბარიში ჩასულიყო და ადგილობრივ შტატგარეშე ჟურნალისტს შეხვედროდა, რომელიც გაერო-ს მისიაში (MINUSCO) მუშაობდა. მას ჟურნალისტებისათვის  რუსი სამხედრო ინსტრუქტორების შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა და ოქროს საბადო Ndassima-ზე გადაღებების ორგანიზებაში უნდა დახმარებოდა. 30 ივლისს გაერო-ს მისიის თანამშრომლისკენ მიმავალი რუსი ჟურნალისტები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

მაშინვე,  კრემლის საგარეო უწყების რუპორმა, მარია ზახაროვამ ჟურნალისტების მკვლელობა ძარცვას დაუკავშირა და თითი ადგილობრივებისკენ გაიშვირა. არადა, ავტომობილში, რომლითაც ჟურნალისტები გადაადგილდებოდნენ, ორხან ჯემალის კომპიუტერი და სხვა, ჯამურად, რამდენიმე ათასი დოლარის ღირებულების მოწყობილობა ხელუხლებელი დარჩა. საინტერესოა, რომ მკვლელობის საღამოს, ზუსტად ჟურნალისტების ლიკვიდაციამდე რამდენიმე წუთით ადრე მობილური ოპერატორების ყველა ანძა ერთდროულად გაითიშა.

დამოუკიდებელმა ცენტრმა – „დოსიემ“ რუსი ჟურნალისტების მკვლელობის  გამოძიება გადაწყვიტა.  ცენტრის წარმომადგენლები ხუთი თვის განმავლობაში აგროვებდნენ მასალებს და მომხდარის შესახებ სიმართლის დადგენას ცდილობდნენ. „დოსიე“ ამტკიცებს, რომ რუსეთის მოქალაქეების მკვლელობა წინასწარ დაგეგმილი და კარგად კოორდინებული იყო. მეტიც, ცენტრს მიაჩნია, რომ ოფიციალური ვერსიაც პრიგოჟინის ორკესტრირებული გეგმის ნაწილია და სამმაგ მკვლელობაში მისი კვალის გაქრობას ემსახურება.

„დოსიეს“ ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ჯემალმა, რასტორგუევმა და რადჩენკომ ცარ-ში კონტაქტების დამყარების თხოვნით თავიანთ მოსკოველ კოლეგას – კირილ რომანოვსკის მიმართეს. რომანოვსკი რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ფან“-ში მუშაობს, რომელიც ევგენი პრიგოჟინის სტრუქტურებთან არის დაკავშირებული. რომანოვსკიმ მათ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დახმარების აღმოსაჩენად ვინმე „მარტინი“ ურჩია. თუმცა, დამოუკიდებელი გამოძიება მივიდა დასკვნამდე, რომ ასეთი ადამიანი არ არსებობდა და ამ სახელის ქვეშ ადგილობრივი პოლიციის თანამშრომელი მოქმედებდა, რომელიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული „ვაგნერის“ წარმომადგენლებთან.

„დოსიემ“ ჟურნალისტების მიერ დაქირავებული მძღოლის, ბენვენიუ ნდუვოკამის სატელეფონო ზარების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაც მოახერხა და აღმოაჩინა, რომ იგი, სულ მცირე, 47-ჯერ დაუკავშირდა ცარ-ის ჟანდარმერიის მაღალი რანგის მოხელეს, ემანუელ კოტოფიოს. „დოსიეში“ ვარაუდობენ, რომ მძღოლი მას გადაადგილების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. „დოსიემ“ დაადგინა, რომ კოტოფიო მკვლელობის დღეს  ჟურნალისტების ჯგუფის კვალდაკვალ მოძრაობდა და, სულ მცირე, მკვლელობის ადგილის ახლოს იმყოფებოდა.

„დოსიეს“ ინფორმაციით, ემანუელ კოტოფიოს სუდანში რუსი სამხედროები წვრთნიდნენ და ის კოტოფიო მუდმივ ურთიერთობაში იყო რუს ინსტრუქტორებთან. რუსი ჟურნალისტების დაღუპვის შემდეგ კი იგი საერთოდაც დააწინაურეს. ასევე, დგინდება, რომ კოტოფიოს მეშვეობით ყველა ინფორმაცია მიდიოდა რუსული კომპანია М-Финанс-ის წარმომადგენლებთან. ამ კომპანიას კი ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი აკონტროლებს.

მსოფლიოში ნომერ პირველ ტერორისტ პუტინს, ალბათ, საერთოდ არ აღელვებს არც ჟურნალისტების მკვლელობა, არც მათი ოჯახის წევრების მიმართვა და არც დამნაშავეების დასჯა. მისთვის მთავარია, „ვაგნერმა“ მისი უზნეო სურვილები უსიტყვო მორჩილებით შეუსრულონ, თანაც ისე, რომ ამის შესახებ ვერავინ გაიგოს. სწორედ მისი მმართველობის პირობებში, სიმართლის დასადგენად ცარ-ში ჩასული რუსი ჟურნალისტები  განწირულები იყვნენ და არც მათ საქმეს გამოიძიებს ვინმე, პუტინი  საკუთარ თავს ან ერთგულ  ბიზნესმენს ხომ  არ დააპატიმრებს?

ლინდა გამცემლიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები