მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საგამოძიებო კომისიის ნდობა არ აქვთ, გამოდის, რომ საკუთარი თავის ნდობა არ აქვთ
“ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საგამოძიებო კომისიის ნდობა არ აქვთ, გამოდის, რომ საკუთარი თავის ნდობა არ აქვთ”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას შეუძლია, პარლამენტში შევიდეს და თავად გამოიძიოს ყველაფერი.
„გივი მიქანაძე და ალუდა ღუდუშაური ძალიან გამოცდილი და პროფესიონალი იურისტები არიან. შესაბამისად, დროებით საგამოძიებო კომისიაში ისინი იმუშავებენ. კომისია არის ძალიან მნიშვნელოვანი. როცა იყო კამათი და დისკუსია მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის, ჩვენ მარტივი დათქმა გავაკეთეთ – თუ ერთპროცენტიან გადაცდომას მაინც იპოვიან „ქართული ოცნების” სასარგებლოდ, რიგგარეშე არჩევნებს დავნიშნავთ. ვფიქრობ, რომ ამაზე პატიოსანი სიტყვა არ შეიძლებოდა, თქმულიყო რომელიმე პარტიის მიერ. კომისიაში მათაც ველოდებით. როცა ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კომისიის ნდობა არ აქვთ, გამოდის, რომ საკუთარი თავის ნდობა არ აქვთ. შეუძლიათ, შემოვიდნენ და თავად გამოიძიონ ყველაფერი და თუ მაინც ამბობენ, რომ ნდობა არ აქვთ, მაშინ საკუთარი თავის უნდობლობაზე ილაპარაკონ“, – განაცხადა მდინარაძემ.
საარჩევნო დარღვევების მიზეზების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობიდან გივი მიქანაძე და ალუდა ღუდუშაური, „ევროპელი სოციალისტებიდან“ კი დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია შევლენ.