მამუკა მდინარაძე: მელიას უარი რომ არ ეთქვა გირაოს გადახდაზე, ბუნებრივია, ვერავინ დააპატიმრებდა
“ნიკა მელიამ სახელმწიფოს უთხრა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა და ვერც დაიჭერდნენ. ეს კანონისა და სახელმწიფოს გამოწვევა იყო, რამაც განაპირობა მისი პატიმრობა”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ნიკა მელიას გირაოს გადახდაზე უარი რომ არ ეთქვა, ვერავინ დააპატიმრებდა.
„ნიკა მელიას არა პატიმრობა, არამედ გირაო ჰქონდა შეფარდებული და მან ამაზე უარი თავად თქვა. აღკვეთის ღონისძიებად გირაოს გამოყენებაზე ამ ადამიანმა თავად თქვა უარი. ეს არის მთავარი დეტალი და არგუმენტი. მიუხედავად მისი გადაცდომებისა თუ დარღვევებისა, მიუხედავად იმისა, რომ ის დამნაშავედ არის ცნობილი წარსულში, რაც ერთ-ერთი არგუმენტია ხოლმე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების დროს, პროკურატურამ ბოლო შემთხვევაშიც გადაწყვიტა, გირაოს გაზრდით გაემკაცრებინა. ამ ადამიანმა თავად გადაწყვიტა, რომ ის პატიმარი ყოფილიყო და სახელმწიფოს უთხრა, რომ არც გადაიხდიდა და ვერც დაიჭერდნენ. ეს კანონის და სახელმწიფოს გამოწვევა იყო და ამან განაპირობა. ეს მთავარი დეტალია. მას უარი რომ არ ეთქვა გირაოს გამოყენებაზე, ბუნებრივია, ვერავინ დააპატიმრებდა, ის ციხეში ვერ მოხვდებოდა”, – განაცხადა მდინარაძემ.