“უგულავამ პოლიციელების მუქარასა და მიხეილ სააკაშვილის ნარატივის გაგრძელებას თავი დაანებოს, არც მისი ბოძზე გამოსაკრავი პოლიციელი ჰყავს ამ ქვეყანას და არც მისი ელემენტარულად გასაკრიტიკებელი ადამიანი”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისივე თქმით, გიგი უგულავა მსჯავრდებულია 48 მილიონის მოპარვაზე და პრობლემა ის არის, რომ ასეთი ადამიანები თავს უფლებას აძლევენ, პოლიტიკაში იყვნენ.
„ევროპელი პარტნიორები შეთანხმებულები არიან, რომ ადამიანი ელემენტარულ დანაშაულს რომ ჩაიდენს, ის პოლიტიკაში აღარ რჩება, ხმას არ მისცემს არავინ. უგულავასა და მისი პარტიის შემთხვევაში, თითქმის ასე მოხდა. 48 მილიონის მომპარავი ადამიანები პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ, ეს ქმნის პრობლემას. შემდეგ წარმოიდგინეთ, სხვაზე ლაპარაკობს.
უგულავამ პოლიციელების მუქარასა და მიხეილ სააკაშვილის ნარატივის გაგრძელებას თავი დაანებოს. არც მისი ბოძზე გამოსაკრავი პოლიციელი ჰყავს ამ ქვეყანას და არც ელემენტარულად გასაკრიტიკებელი – ადამიანის, რომელიც მსჯავრდებულია 48 მილიონის მოპარვაზე. პრობლემა ის არის, ასეთი ადამიანები თავს უფლებას რომ აძლევენ, პოლიტიკაში იყვნენ. მთავარი პრობლემა ესაა. სანქციებზე საუბარი აბსოლუტურად არასერიოზულია. ეს თავადაც იციან. შეუძლებელია კანონის აღსრულებისთვის სანქციების დაწესება, თანაც კონკრეტული ადამიანების მიმართ. გუშინ შალვა ნათელაშვილი გამობრძანდა და სანქციების ნაწილზე ჩემი გვარიც ახსენა. თუ მიპოვის რაიმე აქტივებს, დააყადაღოს თვითონ, ამის დისკრეციას მას მივცემ და თავად დამიყადაღოს, რამე აქტივებს თუ მიპოვის. იმდენად არასერიოზულ რაღაცებში გადასდით, რომ ამაზე სერიოზული პასუხის გაცემა მიჭირს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ „ვანდალურ ოპერაციაში მონაწილეთა სახელები და გვარები იქნება სოციალურ ქსელებში, ყველა ბოძზე გამოკრული“.