გიგი უგულავა: უნდა ველოდოთ ყველაფერს, პიკეტი, მანიფესტაციები, ყველგან, სადაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები, მაღალჩინოსნები ივლიან, მათ ქვეშ მიწა უნდა იწვოდეს
“პროტესტი იქნება უმწვავესი, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები არ იქნებიან გათავისუფლებული და არ მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნებს”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
მისი თქმით, არნახული საერთაშორისო მხარდაჭერაა პირადად ნიკა მელიას მიმართ.
„ისეთ პირობებში, როდესაც ხელისუფლება გადავიდა ყველა წითელ ხაზს, როდესაც ვანდალიზმი ამ ხელისუფლების ჩვეული ცხოვრების წესი გახდა, როდესაც მილიონზე მეტ ადამიანს გადააქცევ შენს ქვეყანაში მეორეხარისხოვან მოქალაქედ, აუცილებლად მიიღებ მწვავე პროტესტს. პროტესტი იქნება უმწვავესი, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები არ იქნებიან გათავისუფლებული და არ მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნებს, როგორც არა ვინმეს აკვიატებას, არამედ ერთადერთ ლეგიტიმურ გამოსავალს ასეთი კრიზისული სიტუაციიდან.
უნდა ველოდოთ ყველაფერს, რის უფლებასაც ჩვენი კანონი და კონსტიტუცია გვაძლევს, პიკეტი, მანიფესტაციები, ყველა ქალაქში, სადაც შესაძლებელია, ყველგან, სადაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები, მაღალჩინოსნები ივლიან, მათ ქვეშ მიწა უნდა იწვოდეს, რადგან ეს არის ჩვენი საერთო მიწა და თუ თქვენ გადაწყვიტეთ, რომ აქ ჩვენ მეორეხარისხოვანი მოქალაქეები უნდა ვიყოთ, ამ ფუფუნებას ვერ მიიღებთ. ამიტომ, ყველა დეპუტატმა უნდა იცოდეს, რომ იმ სამარცხვინო ქმედებისთვის, რაც ჩაიდინეს მათ, უკვე მეორედ დაიჭირეს, საკუთარი კოლეგა ციხეში გაუშვეს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო მაგიტომ იქნება ინდივიდუალურად, სირცხვილის ბოძზე გამოკრული“, – განაცხადა გიგი უგულავამ.